“ჩემი სავალი გზიდან არასოდეს გადამიხვევია”- თენგიზ არჩვაძე

18 hours ago 4

…მე ის კაცი არა ვარ, ვინც გეგმებით ცხოვრობს. არასოდეს არაფერი დამიგეგმავს, მეზიზღებოდა დაგეგმილი ცხოვრება.

…პოპულარობა მტანჯავს. ქალაქში მცნობენ და ცდილობენ მასიამოვნონ. მე კი უკანმოუხედავად გავრბივარ. ადამიანურად, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, მაგრამ პოპულარობა მაინც იაფფასიან ესტრადას ჰგავს.

…როლზე უარი ბევრი რამის გამო მითქვამს, მაგრამ ფინანსური ინტერესების გამო – არასოდეს.

„როლები არასოდეს მაკლდა, ძალიან ბევრს ვმუშაობდი… იყო წლები, კინოში ერთდროულად ოთხ-ხუთ ფილმში მიღებდნენ. ძალიან დიდ დროს ვატარებდი თვითმფრინავში და მატარებელში. ხშირად ტექსტის სწავლაც კი მგზავრობისას მიწევდა… იცით, თითოეულ როლში სიცოცხლის ნაწილი თუ არ ჩადე, ისე არაფერი გამოვა. შეიძლება სხვას გამოსდის, მაგრამ მე ასე არასოდეს მითამაშია. ყოველთვის ბევრს ვთხოვდი საკუთარ თავს, თუმცა მეგობრებთან ურთიერთობასაც ვასწრებდი და მათთან ქეიფსაც… ამ მუშაობაში სიბერე ისე მომეპარა, ვერც გავიგე“

მარტოობა მიყვარს, საკუთარ თავთან დიალოგი მშველის ხოლმე ყოველთვის. მთაში უკეთ ვგრძნობ თავს, მთა ჩემი წარმოუდგენელი სიყვარულია, უასაკო ვარ ცხენთან და მთასთან. ყოფილა შემთხვევა, მარტოდმარტოს გამიტარებია მთელი შვებულება მთაში, ხევსურეთში. კარავი, სიახლოვეს წყალი და მცირეოდენი საკვები საკმარისია… თუ ცხენიც გყავს, ეს ხომ ნეტარებაა!

„ვერა ვუშველე მიწასა, / ანეულს, მოსულს ხნულზედა“… ჯეელმა ვერ და სიბერეში რაღას ვუშველი?! ძალიან მალე გავიდა დრო… ისე, იცით, დღევანდელი გადასახედიდან ჩემს ცხოვრებას თვალს რომ გადავავლებ, რას ვფიქრობ? კავკასიონის მწვერვალები ხომ გინახავთ – მისი ზედაპირი ზოგი მაღალია, ზოგი დაბალი. ასევე იყო ჩემი ცხოვრებაც: იყო სიმაღლეებიც და იყო ვარდნებიც, მაგრამ ჩემი სავალი გზიდან არასოდეს გადამიხვევია.

თენგიზ არჩვაძე

სრულად წაკითხვა