კოალიცია “ჩემი ხმა” აფასებს 28 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით გამართულ საპროტესტო აქციებზე შსს-ს დანაყოფების ქმედებებს. კოალიციის განცხადებით, უწყება არღვევს საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს პრინიციპებს, იყენებს არაპროპორციულ ძალას და აქციის მონაწილეებს ეპყრობა არაადამიანურად და დამამცირებლად.
კოალიცია პუნქტობრივად ჩამოთვლის იმ დარღვევებს, რაც ამ დღეების განმავლობაში გამოიკვეთა:
- პოლიციური ძალების არათანაზომიერი მობილიზება და მათი იდენტიფიცირების შეუძლებლობა
კოალიციის შეფასებით, აქციების დაწყებისთანავე შსს-ს მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული ჰყავს უპრეცედენტო რაოდენობის პოლიციელები და ტექნიკა.
“აქციების დაშლის პროცესში მთავარი ფუნქცია დაკისრებული ჰქონდა და აქვს აშშ-ის მიერ სანქცირებულ, სისასტიკით ცნობილი ზვიად ხარაზიშვილის დაქვემდებარებაში მყოფ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს (ე.წ. „რობოკოპებს“), რომლებიც პირველივე წუთებიდან აღჭურვილნი იყვნენ ჩაფხუტებით, ხელკეტებით, ფარებით, რეზინის ტყვიების სასროლი იარაღით, ცრემლსადენი გაზითა და წიწაკის სპრეით. მათ ზურგს უმაგრებდა წყალსატყორცნი ტექნიკა.
“სამართალდამცავთა” უმეტესობას სახე მთლიანად აქვს დაფარული ნიღბით და მათ ფორმებზე არ არის არავითარი განმასხვავებელი ნიშანი. ეს გარემოება ართულებს და ხშირ შემთხვევაში, საერთოდ გამორიცხავს მათ იდენტიფიცირებას, რაც ახალისებს მათ მიერ დემონსტრანტებზე ძალადობას, რადგან აქვთ დაუსჯელობის განცდა”, – ვკითხულობთ კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
- ძალადობის პროვოცირების მცდელობები
“ჩემი ხმის” შეფასებით, შსს-ს წარმომადგენლები მუდმივად ცდილობენ აქციის მონაწილეების პროვოცირებას:
“იყენებდნენ მათ წინააღმდეგ შეურაცხმყოფელ სიტყვებს, აგინებდნენ, ესროდნენ ქვებს, ცდილობდნენ მათთან ახლო კონტაქტში შესვლას და შეკრებილი ადამიანების რუსთაველის გამზირისაკენ ძალადობით ჩამოწევას. დრო და დრო აქციის მონაწილეთა მასაში შეჭრილი ჯგუფები იტაცებდნენ ცალკეულ პირებს და მიათრევდნენ პოლიციის კორდონების უკან, სადაც უმოწყალოდ, ჯგუფურად სცემდნენ ხელებით, ფეხებით და ხელკეტებით. გარდა ამისა, დაიდენტიფიცირდა აქციის მონაწილეთა შორის ე.წ. პროვოკატორები, რომლებიც ცდილობდნენ დაძაბულობის შექმნას და პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების წინაპირობების შექმნას”.
- მშვიდობიანი შეკრებების დაშლისკენ მიმართული გადაწყვეტილებებისა და მოქმედებების უკანონობა
კოალიცია აღწერს ისეთ დარღვევებს, როგორიცაა შეკრებებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევა, აქციის მონაწილეების მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა, უკანონო დაკავებები, დაკავებულების ადგილსამყოფლის დამალვა და ა.შ.
“არ არსებობდა აქციის მონაწილეთა მიმართ წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზისა და წიწაკის სპრეის, გამოყენების წინაპირობები. ამასთან, წყალსატყორცნი ტექნიკის მიერ გამოყენებულ წყლის ჭავლში შერეული იყო გაურკვეველი ქიმიური ნივთიერება, რაც თვალების წვას და სუნთქვის გართულებას იწვევდა.
სამართალდამცავები სასტიკად ძალადობდნენ დემონსტრანტებზე, რომელთაგან არ მომდინარეობდა არავითარი საფრთხე. კერძოდ, ძირს აგდებდნენ აქციის მონაწილეებს და განზრახ ჯგუფურად სცემდნენ ხელების, ფეხებისა და ხელკეტების გამოყენებით, მათ შორის, სიცოცხლისთვის საშიში ადგილებზე. პოლიციელთა მიერ ძალადობა ხორციელდებოდა დემონსტრაციულად, კამერების თვალწინ და ატარებდა დემონსტრანტების დასჯის ხასიათს. პოლიციელთა მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად, ოცამდე დემონსტრანტს დასჭირდა ჰოსპიტალური მკურნალობა.
სასტიკი ანგარიშსწორების შემდეგ, დემონსტრანტებს უკანონოდ აკავებდნენ. აკავებდნენ შემთხვევითი პრინციპით – ვინც ხელში მოხვდებოდათ, მათ შორის, მშვიდობიანად მდგარ პირებს. ბევრ მათგანს აკავებდნენ იმ დროს, როდესაც ისინი მშვიდად ტოვებდნენ აქციის ტერიტორიას. პროტესტის მონაწილეების დაკავება ხდებოდა მეტროსადგურებში, თეატრებში, მაღაზიებში. გასული ოთხი ღამის განმავლობაში სულ დაკავებულ იქნა 200-ზე მეტი დემონსტრანტი.
დაკავებულების დიდ ნაწილს უარს ეუბნებოდნენ მათ უფლებაზე – დაჰკავშირებოდნენ ახლობლებსა და ადვოკატებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, მისი უკანონო პრაქტიკის შესაბამისად, მალავდა დაკავებულთა ადგილსამყოფელს და დაკავებულებს ახლობლები, ადვოკატები ეძებდნენ მთელი საქართველოს მასშტაბით დროებითი დაკავების სხვადასხვა იზოლატორში და პოლიციის განყოფილებაში”, – ვკითხულობთ უფლებადამცველთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
- ჟურნალისტებზე მიზანმიმართული თავდასხმა
“ჩემი ხმის” შეფასებით, ჟურნალისტებს მიზანმიმართულად ესხმოდნენ თავს და ხელს უშლიდნენ მუშაობაში.
“საერთო ჯამში 50-ზე მეტი ჟურნალისტი და ტელეოპერატორი გახდა პოლიციელთა სამიზნე. პოლიციელთა მხრიდან მათ მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას (სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული)”, – აცხადებენ კოალიციაში.
კოალიცია შსს-ს მოუწოდებს, შეწყვიტოს მომიტინგეებზე ანგარიშსწორება, ხოლო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს პოლიციელების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულები. “ჩემი ხმა” მიმართავს პროკურატურასაც, სრულად გამოიძიოს ეს საქმეები და “დროულად მისცეს პასუხისგებაში ყველა ის ადამიანი, რომელიც რამდენიმე დღეა სასტიკად უსწორდება რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მშვიდობიან ადამიანებს”. ორგანიზაციები მოუწოდებენ მოსამართლეებსაც, “შეწყვიტონ სამართლებრივი მექანიზმების სადამსჯელო მიზნით გამოყენება და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ უკანონო გადაწყვეტილებების მიღება”, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს – ბათილად ცნოს 26 ოქტომბრის არჩევნები.
“ჩემი ხმა” მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებასაც, “გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი საქართველოში მიმდინარე რეპრესიული მოვლენების შესაჩერებლად, მათ შორის გამოიყენონ კონკრეტული პასუხისმგებელი პირების სანქცირების მექანიზმებიც”.