“ჩვენ გვსჯიან სამშობლოს სიყვარულისთვის, ეს ვიცით და ეს უფრო მეტ ძალას გვაძლევს”

2 days ago 2
ავტორი: გიორგი კეკენიძე

ბრძოლის ძალას მაძლევს ორი რამ: ჩემი ქვეყნის სიყვარული და ჩემი ქვეყნის მტრის სიძულვილი. 

როცა ქუჩაში გავდივარ, ვიცი, რისთვისაც ვიბრძვი – ვიბრძვი ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი ოჯახისთვის, ჩემი მეგობრებისთვის. 

როცა ქუჩაში გავდივარ, ვიცი, ვის წინააღმდეგაც ვიბრძვი – ვიბრძვი ჩემი ქვეყნის ისტორიული მტრის, ოკუპანტის, რუსეთის წინააღმდეგ. 

ამ ბრძოლაში დიდია ბრაზი, რომელსაც “ქართული ოცნების” ქმედებები იწვევს –  ჩვენ, ყველა ერთად ვხედავთ, თუ რა გზებით ცდილობს არალეგიტიმური ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებას. 

ინსტიტუტები, რომლებიც სამართალს და ადამიანის უფლებებს უნდა იცავდნენ, გაანადგურეს. ამას ვუყურებთ ყოველდღიურად და შეუძლებელია, თუ შენი ქვეყანა გიყვარს, ეს მოგწონდეს და ამასთან შეგუება შეგეძლოს. 

ახალგაზრდებს სცემენ, ასისხლიანებენ, სახლებში უვარდებიან, აკავებენ და ამით საკუთარ ძალას გვაჩვენებენ. ამით ცდილობენ შეშინებას, მაგრამ ეს ყველაფერი უშედეგოა – აქციაზე მდგომ ყველა ადამიანს გასიგრძეგანებული აქვს ის საფრთხეები, რაც საჯაროდ პროტესტის გამოხატვას ახლავს თან. 

ჩვენ გვსჯიან სამშობლოს სიყვარულისთვის და მერე, ბედავენ და უსამშობლოებს გვეძახიან. ვინც ამ პროპაგანდისტულ გზავნილებს იმეორებს, მათ მინდა შევახსენო:

  • “ქართულმა ოცნებამ” აგვიფეთქა საყდრისი;
  • “ქართულმა ოცნებამ” გულგრილობით გაანადგურა გელათი
  • “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები ჩვენს მიწებს და ტყეებს ოჯახის წევრებს დაბადების დღის საჩუქრებად ჩუქნიან:
  • “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები სახელმწიფო ქონებას პირად საკუთრებად აღიქვამენ. 

“ქართულმა ოცნებამ” ძალიან ბევრი დანაშაული ჩაიდინა ჩვენს თვალწინ და არ შეიძლება, პროპაგანდას მივცეთ უფლება, ნაცვლად რეალური მტრის დანახვისა, ერთმანეთთან დაგვაპირისპიროს. 

პროპაგანდა ცდილობს, რომ დაგვყოს და ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვის საშუალება არ მოგვცეს. მუდმივად კვებავს ზიზღს ახალგზრდების მიმართ და ამ მიზნით, ჩვენი რეპუტაციის შელახვას ცდილობს. სასაცილოა, მაგრამ ნაცებს გვეძახიან იმ ახალგაზრდებს, რომლებიც წინა ხელისუფლების მმართველობის დროს საბავშვო ბაღში დავდიოდით. გვეუბნებიან, რომ ისტორია არ ვიცით, მაშინ, როცა ქუჩაში სწორედ ამ ქვეყნის ისტორიული მტრის წინააღმდეგ ვდგავართ და “ქართულ ოცნებასაც” სწორედ ჩვენი მტრის სასარგებლო პოლიტიკის გატარებისთვის ვეწინააღმდეგებით. 

სანამ ჯერ კიდევ დრო გვაქვს, ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ უკეთესი და საერთო ევროპული მომავლის დასაცავად დგას ამდენი ექიმი, მასწავლებელი მსახიობი, მუსიკოსი, მწერალი თუ საჯარო მოხელე ქუჩაში და არ შეიძლება, მხარს უჭერდე ძალას, რომელიც ამდენ ადამიანს არ უსმენს და მის გაჩუმებას ძალადობრივი გზებით ცდილობს. 

არ შეიძლება, მოძალადე ძალას შენი ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავდეს და ამას მდუმარედ, უმოქმედოდ უყურებდე. 

სრულად წაკითხვა