“ჩვენი ამოცანა ერთია, წინააღმდეგობა ყველა ფრონტზე, რომ ერთად დავამარცხოთ ზიანის არქიტექტორი და გადავარჩინოთ თავისუფალი საქართველო” – პაატა მანჯგალაძე

14 hours ago 2

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს, მძიმე შეფასებებს აძლევს მას და საზოგადოებას აქტიური პროტესტისკენ მოუწოდებს:

დღეს საქართველოს იმავე გზაზე მიაქანებენ, რომელიც პუტინის რუსეთმა უკვე გაიარა.

ივანიშვილი და მისი დაჯგუფება ცდილობს დაგვაშოროს დასავლეთს და დატოვოს საქართველო მარტო და დაუცველი, მოგვწყვიტოს დემოკრატიულ სისტემას, სადაც ხალხი წყვეტს როგორი უნდა იყოს ქვეყანა, დაგვაბრუნოს რუსულ ჭაობში – იქ, სადაც თავისუფლებას არანაირი ფასი არ აქვს და შენს ნაცვლად სხვები წყვეტენ გადარჩები თუ არა.

ამიტომ ეს აღარ არის უბრალოდ პოლიტიკა – ეს არის ბრძოლა გადარჩენისთვის.

დღეს არჩევანი მარტივია: ან ვიცხოვრებთ თავისუფლად, დაცულად, დასავლურ ოჯახში ან დავრჩებით რეჟიმის მონობაში, სადაც იგებს რამდენიმე და მარცხდება მთელი ერი.

ზუსტად ასე ცხოვრობენ დღეს რუსეთში, ირანში, ჩინეთში, ვენესუელაში სადაც ქვეყნის ბედს წყვეტს არა ხალხი, არამედ საეჭვო ფსიქიკის მქონე ერთი კაცის ახირებები.

დღეს საქართველოში ყველა გადაწყვეტილებას იღებს ერთი კაცი და მისი მცირე დაჯგუფება; ხალხს ართმევენ სიტყვის თავისუფლებას რომ ჩუმად და უპრობლემოდ გაძარცვონ; თავს ესხმიან ლიდერებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს; ბლოკავენ ევროკავშირში გაწევრიანებას; მტრად აცხადებენ აშშ-ს და ევროკავშირს – ჩვენს ბუნებრივ დამცველებს.

ივანიშვილმა უკვე მიაყენა სტრატეგიული ზიანი საქართველოს. ახლა მთავარი კითხვაა, გადაიხდის ამ ზიანის ფასს ის და მისი დაჯგუფება თუ გადაიხდის მთელი საქართველო?

ვინც ფიქრობს, რომ ივანიშვილმა უნდა “მოიგოს”, უნდა იცოდეს – ივანიშვილის “გამარჯვებით” წააგებს ქართველი ხალხი. წააგებს მთელი ერი და საქართველო.

ამიტომ დღეს ჩვენი ამოცანა ერთია, წინააღმდეგობა ყველა ფრონტზე, რომ ერთად დავამარცხოთ ზიანის არქიტექტორი და გადავარჩინოთ თავისუფალი საქართველო.

შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება გამარჯვების მიზანს უნდა ემსახურებოდეს და ამ ბრძოლაში ყველა ვიწრო პარტიული გადაწყვეტილება, ცალკეული, შეუთანხმებელი მოქმედება უფრო დაგვაშორებს საერთო გამარჯვებას“, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

სრულად წაკითხვა