თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სადგურის მოედანზე, ე.წ. გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების საკითხს დეტალურად შეისწავლიან და „შესაძლებლობების ფარგლებში“ დახმარებას გაუწევენ.
„სადგურის მოედანზე, ე.წ. გადასასვლელ ხიდზე, სადაც ბევრი ადამიანი ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, გაჩნდა ხანძარი, რამაც ბევრი ადამიანისთვის ძალიან დიდი პრობლემა შექმნა. დღეს ამ ადამიანების გარკვეული ჯგუფი მოსული იყო მერიაში და ითხოვდა დახმარებას. მქონდა პრემიერ-მინისტრთან საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძემ დამავალა, რომ დეტალურად შევისწავლოთ აღნიშნული საკითხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ვიცე-მერი, გიორგი ტყემალაძე მზადაა შეხვდეს საინიციატივო ჯგუფს და დაიწყოს დეტალური მოკვლევა.
„ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში დაგეხმარებით, გვერდით დაგიდგებით და პრობლემების პირისპირ არ დაგტოვებთ“, – თქვა კალაძემ.
2 ნოემბერს თბილისში, სადგურის მოედანზე მდებარე გადასასვლელ ხიდზე ხანძარი გაჩნდა. ხიდის შიდა სივრცეში მოქალაქეები ძირითადად მეორადი ტანსაცმლითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით ვაჭრობენ. ზარალის ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.
netgazeti