ავტორი: არჩილ იაკობაშვილი – ეკონომიკის პროფესორი, გერმანიის ქრისტიან–დემოკრატიული კავშირის წევრი
საქართველო–ჩინეთის სავაჭრო ბრუნვა შეადგენს დაახლოებით 2 მლრდ აშშ დოლარს 2025 წლის მონაცემებით, რაც უდავოდ დადებითი მოვლენაა – აქედან 1/4 მოდის საქართველოს ექსპორტზე , 3/4 – ჩინეთიდან იმპორტზე.
ჩინეთის ბაზარი უპრობლემოდ მიიღებს საქართველოდან 10-ჯერ მეტი ღირებულების პროდუქციას, თუ ამის შესაძლებლობა იქნება, და აგრეთვე 10-ჯერ მეტს გაუშვებს ექსპორტზე საქართველოსკენ შესაბამისი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში.
მიუხედავად ამისა, ინტენსიური ვაჭრობა არ ნიშნავს, რომ ჩინეთის ინტერესი საქართველოს, კავკასიის და ზოგადად კასპია/შავი ზღვის რეგიონის მიმართ იქნება სტრატეგიული და უალტერნატივო.
საქართველოს ევროპული მომავლის გარეშე არც ჩინეთს აინტერესებს ასე ძალიან რუსეთის უკანა ეზო, რადგან შავი ზღვის გარეშეც აწყობილი აქვს მიწოდების ჯაჭვები ევროპის მიმართულებით.
1) ჩინეთი მონაწილეობს დასავლეთ ევროპის ირგვლივ 12 წამყვანი პორტის კაპიტალში – პირეუსიდან ჰამბურგამდე, ჯერჯერობით ფეხი ვერ მოიკიდა პოლონეთში დანციგის პორტში, ვერც სკანდინავიაში და ვერც ბალტიისპირეთში, მაგრამ დასავლეთ ევროპაში მიწოდების და მომარაგების ქსელები სრულად აწყობილი აქვს – თან შესულია ადრე აშენებული და სრულად ფუნქციონირებადი პორტების კაპიტალში, მაგრამ ჩინეთს არცერთი მათგანის მშენებლობაში მონაწილეობა არ მიუღია.
2) უკრაინაში ომის, შესაბამისად რუსეთსა და ევროკავშირს შორის საზღვრის ჩაკეტვის გამო ჩინეთს ჩამოეშალა რუსეთის გავლით რკინიგზით აღმოსავლეთ ევროპის მომარაგების ჯაჭვი. სწორედ ამის გამო დაინტერესდა საერთოდ შავი ზღვით, რომელიც ჩაკეტილი ზღვაა – ე.ი. სინამდვილეში ტბაა.
3) ჩინეთი თურქეთს ვერც გაუბედავს, ერთობლივი პორტის აშენების შეთავაზებას ან მოქმედი პორტის კაპიტალში შესვლაზე თხოვნას. შესაბამისად დარჩა კავკასია და საქართველო, როგორც ერთადერთი ალტერნატიული დერეფანი.
4) ანაკლიის ტენდერი, რომელშიც ჩინეთი განსაკუთრებული პირობებით ჩაერთო, ჩატარდა 2024 წლის მარტში, ე.ი. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ (დეკემბერი 2023), ე.ი. თუ ევროკავშირში აპირებთ, ჩვენ ზურგს გიმაგრებთო.
5) 2024 წლის მაისში რუსეთმა ოფიციალურ თბილისს მიაღებინა ე.წ. “რუსული კანონი“, რის გამოც კანდიდატის სტატუსი დე-ფაქტო შეჩერდა, ხოლო ჩინეთმა თუ რეალურად არ გინდათ ევროკავშირში, ჩვენ ვერ დაგაძალებთო.
6) ჩინეთი საქართველოს გამო რუსეთთან კონფრონტაციაში არ შევა, არ უღირს ამდენად ანაკლიის აშენებაში მონაწილეობა, ანაკლია არ არის მოქმედი პორტი, რომ კაპიტალში შესვლაზე იფიქროს, ამიტომაც იგონებს ახალ–ახალ მოთხოვნებს.
ჩინეთი რეალურად დაინტერესდება მხოლოდ ურუსეთო კავკასიით, რომელიც ევროპის ერთიანი სავაჭრო–ეკონომიკური სივრცის ნაწილი იქნება (ე.ი. სამივე ქვეყანას ექნება ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან), ან ისეთი კავკასიით, რომელშიც ევროკავშირი აზერბაიჯანი–საქართველოს საზღვარზე მაინც დაიწყება.
რედაქციის შენიშვნა: კომენტარების განყოფილებაში გამოქვეყნებული სხვადასხვა ავტორის მოსაზრება, შესაძლოა, არ ასახავდეს ნეტგაზეთის პოზიციას.

5 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·