რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელ საწარმოებში, მათ შორის თათრეთში მდებარე სპეციალურ ეკონომიკურ ზონა „ალაბუგაში“, შესაძლოა, ჩრდილოეთ კორეის 25 ათასამდე მოქალაქე იყოს დასაქმებული.
ეს ინფორმაცია გავრცელდა Bloomberg-ზე დაყრდნობით, სანქციების მონიტორინგის მრავალმხრივი ჯგუფის (MSMT) ანგარიშის მიხედვით.
ანგარიშის ავტორთა მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეელები მუშაობენ მათ შორის „ალაბუგას“ საწარმოებშიც, სადაც ირანული „შაჰედების“ ბაზაზე მოიერიშე დრონებს აწარმოებენ. გამომძიებლები ამტკიცებენ, რომ ჩრდილოეთ კორეიდან ჩამოყვანილ მუშახელს სტუდენტებად აფორმებენ, რათა გვერდი აუარონ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ საზღვარგარეთ ჩრდილოეთ კორეული სამუშაო ძალის გამოყენებაზე დაწესებულ შეზღუდვებს.
2025 წელს რუსეთმა ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებზე 36,4 ათასზე მეტი ვიზა გასცა — თითქმის ოთხჯერ მეტი, ვიდრე წინა წელს. მათგან დაახლოებით 35,8 ათასი სტუდენტური ვიზა იყო. MSMT-ის შეფასებით, 2025 წლის ბოლოს რუსეთში 15-დან 30 ათასამდე ჩრდილოეთ კორეელი მუშა იმყოფებოდა, ხოლო ჩინეთში — 20-დან 70 ათასამდე.
ჩრდილოეთ კორეელი მუშის საშუალო შემოსავალი რუსეთში, წელიწადში დაახლოებით შვიდნახევარ ათას დოლარად ფასდება, რაც შესაძლოა ხუთჯერ მეტი იყოს, ვიდრე ჩინეთში. ამასთან, გამომუშავებული ფულის მნიშვნელოვან ნაწილს ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება ითვისებს. ანგარიშში ასევე აღნიშნულია მუშაკთა გადაადგილებასა და უცხოელებთან მათ კონტაქტებზე მკაცრი კონტროლის შესახებ.
MSMT-ი ჩრდილოეთ კორეის, საზღვარგარეთ მისი მოქალაქეთა შრომისგან მიღებულ, საერთო შემოსავალს 2025 წელს 800 მილიონ დოლარამდე აფასებს. ანგარიშის ავტორები ამტკიცებენ, რომ ეს სახსრები ფხენიანს, სხვათა შორის, ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამების დაფინანსებაში ეხმარება.
სანქციების მონიტორინგის მრავალმხრივი ჯგუფი 11 სახელმწიფოს აერთიანებს, მათ შორის აშშ-ს, სამხრეთ
კორეასა და იაპონიას. იგი 2024 წელს შეიქმნა მას შემდეგ, რაც რუსეთმა არ ისურვა მანდატის გაგრძელება გაეროს ექსპერტთა ჯგუფისთვის , რომელიც 15 წლის განმავლობაში ადევნებდა თვალყურს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დაცვას.
radiotavisupleba ახალი ამბები