WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

20 აგვისტოს გავრცელებული ცნობით, „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებაში ეჭვმიტანილი უკრაინელი კაცი იმ დროს დააკავეს, როდესაც ის მუშაობდა გაზსადენზე თავდასხმის შესახებ ჰოლივუდის ფილმზე, რომელშიც მთავარ როლებს ედრიენ ბროუდი და შონ პენი ასრულებენ.

ხორვატიის ქალაქ პულას პოლიციამ, ოთხშაბათს, ვოლოდიმირ ჟურავლიოვი დააკავა გერმანიის — რომელსაც მისი ექსტრადიცია სურს -- მიერ გაცემული ევროპული დაპატიმრების ორდერის საფუძველზე.

გერმანელი პროკურორების განცხადებით, ჟურავლიოვი გაწვრთნილი მყვინთავია. მას ბრალად ედება მონაწილეობა რუსეთსა და გერმანიას შორის ბალტიის ზღვის ენერგეტიკულ მილსადენზე ასაფეთქებელი ნივთიერებების განთავსებაში, რამაც 2022 წელს ოთხი მილიდან სამი გაანადგურა.

გერმანული გამოცემა Legal Tribune Online იუწყება, რომ ის დააკავეს ამერიკელი რეჟისორის დაგ ლიმანის („ბორნის იდენტიფიკაცია“) ფილმის — „გველების კუნძულის“("Snake Island") გადასაღებ მოედანზე, სადაც ის ბროუდისთან და ოსკარის სამგზის მფლობელ პენთან ერთად მუშაობდა.

მედიის ცნობით, ჟურავლიოვი ფილმზე კონსულტანტად მუშაობდა, თუმცა სააგენტო AFP-მ გერმანიის ან ხორვატიის ხელისუფლებასთან ამ ინფორმაციის დაუყოვნებლივ გადამოწმება ვერ შეძლო.
უკრაინელი ეჭვმიტანილი მანამდე პოლონეთშიც იყო დაკავებული გაზსადენების განადგურებაში სავარაუდო მონაწილეობის გამო.

თუმცა პოლონეთის ხელისუფლებამ მის ექსტრადიციაზე უარი თქვა და ის გაათავისუფლა, რადგან მიიჩნია, რომ უკრაინელების მხრიდან მსგავსი თავდასხმა კანონიერი საომარი მოქმედება იყო და არა დანაშაული.
ბალტიის ზღვაში დივერსიული თავდასხმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში მოსკოვის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან რამდენიმე თვეში მოხდა.

გერმანელ გამომძიებლებს მიაჩნიათ, რომ თავდასხმა უკრაინის სახელმწიფო სააგენტოს მიერ იყო შეკვეთილი და მის მიზანს წარმოადგენდა რუსეთისთვის იმ ენერგეტიკული შემოსავლების წართმევა, რომლითაც ის უკრაინაში ომს აფინანსებს.

პროკურატურის ბრალდებით, ჟურავლიოვი მჭიდროდ თანამშრომლობდა სერჰი კუზნეცოვთან — კიდევ ერთ უკრაინელთან, რომელიც გასულ წელს იტალიაში დააკავეს, მოგვიანებით კი გერმანიას გადასცეს.

ეს საქმე პოლიტიკურად უხერხულობას უქმნის გერმანიასა და უკრაინას, რადგან ბერლინი აქტიურად უჭერს მხარს კიევს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.

გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა პირებმა, ამ საკითხზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაზე მიუთითეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისმა მთავრობამ არაფერი იცოდა გაზსადენების აფეთქების რაიმე გეგმის შესახებ.