„ცარიელი ფურცლები საქმეში“ — გურამ როგავას გამოძიების ობიექტურობა აეჭვებს

1 hour ago 3

თბილისის საქალაქო სასამართლოში 2024 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციების დროს ჟურნალისტ გურამ როგავაზე და ზვიად მაისაშვილზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

მიუხედავად იმისა, რომ როგავას დაზარალებულის სტატუსი აქვს, მან სასამართლო სხდომაზე დასწრება ვერ შეძლო. ბრალდების მხარე ამ ფაქტს დაზარალებულის მხრიდან დაგვიანებით ხსნის, თავად ჟურნალისტი კი პროცესის ხელოვნურად დახურვასა და საქმეში რეალური მტკიცებულებების არარსებობას უკავშირებს.

სასამართლოში ჟურნალისტი სიმბოლურად ცარიელი ფურცლების დასტით მივიდა, რათა, მისი თქმით, თვალსაჩინო გაეხადა, რომ საქმეში რეალური მტკიცებულებები არ დევს. როგავას განცხადებით, სასამართლო სხდომის დახურვა სწორედ ამ გარემოების საზოგადოებისგან დამალვას ემსახურება.

„მოსამართლე თამარ მახარობლიძემ მაცნობა, რომ სასამართლო პროცესი დახურულია, რის გამოც, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულის სტატუსი მაქვს, სხდომაზე დასწრებას ვერ შევძლებდი. ეს ჩემთვის ძალიან უცნაურია. მართალია, იურიდიულ დეტალებს სრულყოფილად არ ვფლობ, მაგრამ ჩემი ადვოკატი არკვევს, თუ რა გახდა ამის მიზეზი. დღეს აქ იმიტომ მოვედი, რომ საქმის მიმდინარეობას გავცნობოდი, რადგან დღეს არსებითი განხილვის პირველი სასამართლო სხდომაა და, ბუნებრივია, დეტალები ძალიან საინტერესოა,“ — განაცხადა როგავამ.

ჟურნალისტის შეფასებით, შენობა, რომელსაც „საქალაქო სასამართლო“ აწერია, სინამდვილეში „ბიძინა ივანიშვილის სახელობის თოჯინების თეატრია“, სადაც უნიჭო სპექტაკლი თამაშდება. იგი ეჭვქვეშ აყენებს ბრალდებულის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლის იდენტიფიცირების სიზუსტეს. ანუ როგავა ეჭვობს, რომ პირი, რომელმაც მასზე თავდასხმა აღიარა და თავის თავზე აიღო, შესაძლოა არ არის რეალური თავდამსხმელი.

„ოჯახი წევრები და მეზობლები ამბობენ, რომ ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებული სპეცრაზმელი ფიზიკური მონაცემებით არ ემთხვევა დაკავებულ პირს — გურამ (გოგა) კირკიტაძეს, რომელიც ახლა ჩემზე თავდასხმის ბრალდებით გისოსებს მიღმა იმყოფება. ძირითადი მასალები, რასაც ეს ვითომ საიდუმლო გამოძიება ეყრდნობა, მხოლოდ და მხოლოდ აღიარებითი ჩვენება და პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის არსებული მიმოწერაა,“ — აღნიშნა როგავამ და დასძინა, რომ მისთვის დაკავებული პირის აღიარებითი ჩვენება არაფერს ნიშნავს, რადგან უცნობია, რა ვითარებაში ან რა სახის იძულების, მოსყიდვის თუ სხვა მექანიზმების გზით მიიღეს იგი.

როგავას ასევე აეჭვებს ის გარემოებაც, რომ ბრალდებული, როდესაც მასზე თავდასხმა აღიარა, უკვე იმყოფებოდა საპატიმროში ადმინისტრაციული დანაშაულის გამო.

საქმის პროკურორმა, გიორგი ნადირაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სასამართლო სხდომა დანიშნულ დროს დაიწყო და დაზარალებულთა მხრიდან ადგილზე იმ მომენტში არავინ იმყოფებოდა.

გურამ როგავამ პროკურორის ამ განცხადებას იქვე უპასუხა და აღნიშნა, რომ ის პროცესის დაწყებამდე მივიდა სასამართლოს კართან, როდესაც ბრალდებულებიც კი არ იყვნენ დარბაზში შემოყვანილნი. მისი თქმით, მანდატურებმა მოსამართლისგან უარყოფითი პასუხი სწორედ იმიტომ გამოიტანეს, რომ სხდომა დახურული იყო და არა დაგვიანების მიზეზით.

კითხვაზე, დააყენებდა თუ არა ბრალდების მხარე შუამდგომლობას შემდეგ სხდომაზე დაზარალებულის დაშვების თაობაზე, ნადირაძემ განაცხადა, რომ სასამართლო სხდომაზე დასწრება დაზარალებულის უფლებაა და არა ვალდებულება. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, რის გამოც მტკიცებულებების დეტალებზე საჯაროდ ვერ ისაუბრებს:

„სასამართლო სხდომა მიმდინარეობს დახურულ რეჟიმში, შესაბამისად, დეტალურად მტკიცებულებების შინაარსობრივ მხარეზე ვერაფერს მოგახსენებთ. ვერ გეტყვით, კონკრეტულ სასამართლო სხდომაზე რა მტკიცებულება იქნება გამოკვლეული, თუმცა როდესაც პროცესი დასრულდება, თქვენც ნახავთ შედეგს და ჩვენც გავაკეთებთ შესაბამის კომენტარს,“ — აღნიშნა პროკურორმა.

სრულად წაკითხვა