27.10.2026
„Amnesty International“და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოს ციხეებში წამებისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის შესახებ გახშირებული ცნობების გამო, მათ შორის სექსუალური ძალადობის, ცემისა და მუქარის ბრალდებების შემთხვევების, ასევე იმ პატიმრების მიმართ რეპრესიების გამო, რომლებიც ძალადობის შესახებ აცხადებენ.
განცხადებაში მიმოხილულია ბროლო პერიოდში გავრცელებული ბრალდებები, როგორიცაა – გიორგი დავითაძის საქმე, ლაითური №1 პენიტენციურ დაწესებულებაში ციხის თანამშრომლის მიერ პატიმრის სავარაუდო გაუპატიურება და დავით ფეიქრიშვილის საქმე.
„აღნიშნული ბრალდებები, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ დავით ფეიქრიშვილის სავარაუდო ცემის ფაქტის დაუყოვნებლივ უარყოფა და სექსუალური ძალადობის შესახებ გიორგი დავითაძის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით, დანაშაულის ნიშნების არარსებობის საფუძვლით, გამოძიების შეწყვეტა, გამოძიების ეფექტიანობის შესახებ არსებულ კითხვებთან ერთად, იწვევს შეშფოთებას პატიმართა უსაფრთხოებასთან, წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობისგან დაცვის არასაკმარის გარანტიებთან და მუდმივ დაუსჯელობასთან დაკავშირებით“, – წერია განცხადებაში.
ორგანიზაციების განცხადებით:
„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიცვას პატიმრები ძალადობისა და ანგარიშსწორებისგან, უზრუნველყოს წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის ყველა სარწმუნო ბრალდების სწრაფი, ეფექტიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება და სამართლიანი სამართალწარმოების ფარგლებში, მართლმსაჯულების წინაშე წარადგინოს ის პირები, რომელთა პასუხისმგებლობის გონივრული ეჭვი არსებობს.
ამის გარდა, მათ ცალკე უნდა გადახედონ ციხის პრაქტიკას, საჩივრების განხილვის პროცედურებსა და არასათანადო მოპყრობისგან დაცვის გარანტიებს; აღმოფხვრან ზედამხედველობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით არსებული სერიოზული ხარვეზები“.
netgazeti