“ჩემთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ჩემი მეუღლე, აფგან სადიგოვი, დაკავებულია კურდახანის წინასწარი დაკავების იზოლატორში. ასევე მას აეკრძალა ოჯახთან დაკავშირება და ოჯახისთვის დარეკვა”, – წერს სევინჩ სადიგოვა.
საქართველოდან დაახლოებით 2 თვის წინ დეპორტირებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანში, უკვე შეწყვეტილ საქმეზე კვლავ დააპატიმრეს.
აფგან სადიგოვის ადვოკატის ცნობით, 2024 წელს აზერბაიჯანის გენერალურ პროკურატურაში აღძრული აფგან სადიგოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ხელახლა განიხილება:
„გენერალურმა პროკურატურამ 2024 წელს აფგან სადიგოვის წინააღმდეგ აღძრული საქმე შეწყვიტა. ამ საქმის დაზარალებულებმა ბინაგადის რაიონულ სასამართლოს მიმართეს გენერალური პროკურატურის საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით. დღეს სასამართლომ საჩივარი განიხილა, გააუქმა გენერალური პროკურატურის საბოლოო გადაწყვეტილება და დაზარალებულთა მოთხოვნა დააკმაყოფილა. შედეგად, 2024 წელს აფგან სადიგოვის წინააღმდეგ აღძრული საქმე კვლავ გამოძიებას დაექვემდებარა. ამავე დღეს ბინაგადის რაიონულმა სასამართლომ აფგან სადიგოვს 30 ივლისამდე პატიმრობა შეუფარდა.“
2024 წელს Azel TV-ის ინტერნეტარხის დამფუძნებლის, აფგან სადიგოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით (გამოძალვა მუქარით).
2024 წლის 4 აგვისტოს აფგან სადიგოვი საქართველოში აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მისი დაკავებისა და აზერბაიჯანში ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჟურნალისტის ექსტრადიცია აკრძალა.
აფგან სადიგოვი 2025 წლის აპრილში გათავისუფლდა. 2026 წლის 1 აპრილს აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე შეწყვიტა. 3 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ, გენერალური პროკურატურის საბოლოო გადაწყვეტილების საფუძველზე, გააუქმა აფგან სადიგოვისთვის საქართველოს დატოვების აკრძალვა.
თუმცა 2026 წლის 4 აპრილს, ღამით აფგან სადიგოვი თბილისში მდებარე სახლიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს და აზერბაიჯანში გააძევეს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მხარის მიერ კანონის უხეში დარღვევის შესახებ სპეციალური განცხადება გაავრცელა.
აზერბაიჯანში დეპორტაციის შემდეგ ჟურნალისტთან საუბარში აფგან სადიგოვმა განაცხადა:
„აზერბაიჯანის ხელისუფლება სამშობლოში დაბრუნებულ ოპონენტებს დაუყოვნებლივ არ აკავებს – ამას მოგვიანებით აკეთებს.“
აფგან სადიგოვი მის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ საქმე მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება.
საერთაშორისო უფლებადამცველმა და ჟურნალისტურმა ორგანიზაციებმა საქართველოში აფგან სადიგოვის დაკავება და აზერბაიჯანში მისი გადაცემა მკაცრად დაგმეს.

1 week ago
7







English (US) ·
Georgian (GE) ·