„ცხვირის და ყბის ძვლების, თვალბუდის მოტეხილობა და ტვინის შერყევა“ - დაკავებისას კიდევ ერთ დემონსტრანტზე იძალადეს

2 weeks ago 8

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (სსც) იუწყება, რომ საპროტესტო დემონსტრაციებზე დაკავებულთა შორის ერთ-ერთია საბა ქევხიშვილი, რომელსაც სამართალდამცავებმა სასტიკად სცემეს.

ქევხიშვილი პირველ დეკემბერს დააკავეს პროევროპულ აქციაზე. მის შესახებ ინფორმაცია 9 დეკემბერს გამოაქვეყნა „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“.

სსც-ის ცნობით, საბა ქევხიშვილზე სპეცრაზმის თანამშრომლებმა 1-ელ დეკემბერს, გამთენიისას რუსთაველის გამზირზე მასობრივი მშვიდობიანი შეკრების თვითნებური დაშლის შემდეგ იძალადეს.

„ნიღბიანი სპეცრაზმელების მიერ განხორციელებული სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად, მას დაზიანებები აღენიშნებოდა სახის არეში - ცხვირის და ყბის ძვლების, ასევე თვალბუდის მოტეხილობისა და ტვინის შერყევის სახით“, - აცხადებს ორგანიზაცია.

სსც აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს სპეცრაზმელების მიერ ნაცემი საბა ქევხიშვილი და ძალოვანებთან მისი გამოლაპარაკების ეპიზოდი, რაც, ორგანიზაციის თანახმად, წინ უძღოდა საბას დაკავებასა და მასზე ძალადობას.

„სპეცრაზმის მიერ საბა ქევხიშვილის დაკავებას და მასზე ფიზიკურ ძალადობას წინ უსწრებდა მშვიდობიანი აქციის დაშლის მიზნით სპეციალური საშუალებების, მათ შორის დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზის გამოყენება. აქციის მშვიდობიანი ხასიათის სადემონსტრაციოდ, ქევხიშვილი პროტესტის მონაწილეებს გამოეყო და რუსთაველზე სპეცრაზმის თანამშრომლების მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით გადაადგილდებოდა.

ტელევიზიების პირდაპირი ეთერის კადრებში ჩანს, რომ საბა ქევხიშვილს ერთ-ერთი სპეცრაზმელი გამოელაპარაკა და ჰკითხა, თუ რას აპროტესტებდა, რის შემდეგაც საბამ მას საკუთარ მობილურში აქციის კიდევ ერთი მონაწილის ზვიად მაისაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით ცემის ვიდეოს აჩვენებს და ეუბნება, რომ ძალადობაზე ვერ შეთანხმდებიან. ამ ეპიზოდის შემდეგ, საბა ქევხიშვილთან კომუნიკაციაში მყოფი სპეცრაზმის თანამშრომელი, სავარაუდოდ დაჯგუფების ხელმძღვანელი, ქევხიშვილის დაკავების გადაწყვეტილებას იღებს“, - წერს ორგანიზაცია.

სსც-ის თანახმად, საბა ქევხიშვილი ამბობს იმასაც, რომ დაკავების შემდგომ ის ჩასვეს ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარედ მდგარ მიკროავტობუსში, სადაც „სპეცრაზმის რამდენიმე თანამშრომელი მას უწყვეტად, მონაცვლეობით სახის, კეფისა და მთელი სხეულის არეში უმოწყალოდ ურტყამდა“.

„ძალადობის პარალელურად, დაკავებულს ემუქრებოდნენ, აგინებდნენ და ეკითხებოდნენ, კიდევ გამოვიდოდა თუ არა აქციაზე. დაკავებისას მას წაართვეს მობილური ტელეფონი და პირადი ნივთები“, - წერს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

მეთერთმეტე დღეა, თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები იმართება პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და საპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას. დემონსტრანტები მათ პოლიტპატიმრებად მოიხსენიებენ.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლებაში გადაწყვიტეს, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.

28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 372 მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავა - მათგან 62-ს სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, 100-ზე მეტი კი დააჯარიმა. სხვა საქმეებზე განხილვები გრძელდება.

გარდა ამისა, პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი. მათ რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.

დაკავებისას და დაკავების შემდეგ არაერთ ადამიანს სცემეს.

სრულად წაკითხვა