დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც, დე ფაქტო უწყების შეფასებით, ბრიუსელის განზრახვას ეხება, სირიის სახალხო კრებასთან ითანამშრომლოს, რათა დამასკომ გადახედოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებს.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო უწყების განცხადებას წინ უძღოდა ევროკავშირის 16 ივლისის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროკავშირი მზად არის სირიის ახალ სახალხო ასამბლეასთან ითანამშრომლოს „საერთო მიზნების მისაღწევად, მათ შორის საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების პატივისცემის უზრუნველსაყოფად“. თავად ამ განცხადებაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე საუბარი არ არის. თუმცა, მოგვიანებით ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ X-ზე დაწერა, რომ ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები მზად არიან, სირიის ახალ ხელისუფლებასთან იმუშაონ „ასადის რეჟიმის იმ გადაწყვეტილებების გასაუქმებლად, რომლებმაც საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა აღიარეს“.
დე ფაქტო საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ მსგავსი რიტორიკა „სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევაა“.
„ევროკავშირი, რომელიც სიტყვიერად საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის პატივისცემის ერთგულებაზე საუბრობს, რეალურად ცდილობს, დამოუკიდებელ სირიას უკარნახოს, რომელი საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს და რომელი – გააუქმოს“, – ნათქვამია ცხინვალის განცხადებაში.
დე ფაქტო სამინისტროში აღნიშნეს, რომ სირიის მიერ 2018 წელს სამხრეთ ოსეთის აღიარება „სუვერენული სახელმწიფოს თავისუფალი ნების გამოხატულება“ იყო, რომელიც, მათი თქმით, „ობიექტურ ისტორიულ რეალობასა და ხალხების თვითგამორკვევის უფლებას“ ეფუძნებოდა.
უწყების განცხადებით, ეს გადაწყვეტილება „საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით“ იქნა მიღებული და „გარე ძალების ზეწოლის ქვეშ გადახედვას არ ექვემდებარება“.
დე ფაქტო საგარეო უწყება ასევე აცხადებს, რომ ბრიუსელის მცდელობები ეკონომიკური და პოლიტიკური ბერკეტების გამოყენებით სამხრეთ კავკასიაში არსებული „გეოპოლიტიკური რეალობის“ გადახედვისთვის „უპერსპექტივო და კონტრპროდუქტიულია“.
ამასთან, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირს მოუწოდა, ყურადღება გაამახვილოს იმ მიზეზებზე, რომლებმაც, მათი შეფასებით, რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარება განაპირობა, და კვლავ გაიმეორა ბრალდება, რომ 2008 წელს თბილისის პოლიტიკამ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა „ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე დააყენა“.
ევროკავშირი არ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უჭერს მხარს.

6 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·