კაგებეს ცნობით, საქართველოს მოქალაქეები მას ე.წ საზღვრის გადაკვეთაში ეხმარებოდნენ. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურე, 1999 წელს დაბადებული მამარდაშვილი დეზერტირდა ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ზონიდან - ასე უწოდებენ რუსეთში უკრაინის ომს.
„23 დეკემბერს სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის მოქალაქეების ჯგუფი, მამარდაშვილს ცხინვალში ჩასვლაში დაეხმარა. ამის შემდეგ მისი „დროებითი საიდუმლო განთავსება ფიქტიური რეგისტრაციით ქალაქის ერთ-ერთ კერძო სასტუმროში“ მოხდა. 24 დეკემბერს კი საქართველოს დე ფაქტო საზღვარზე მიიყვანეს. საზღვართან ახლოს მამარდაშვილის მოლოდინში იყვნენ საქართველოს მოქალაქეები ალექსი მამულია და ვანო ჯაფიაშვილი, რომლებიც, თავის მხრივ, საქართველოდან უკანონოდ შევიდნენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და იმავე მარშრუტით უკან დაბრუნებას აპირებდნენ დეზერტირ სამხედროსთან ერთად. ამ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისას, რესპუბლიკის სასაზღვრო უწყებამ მამარდაშვილი, მამულია და ჯაფიაშვილი დააკავა“, - ნათქვამია კაგებეს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მამულიას და ჯაფიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322 -ე მუხლის მესამე ნაწილით, "წინასწარ განზრახვით, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა პირთა ჯგუფის მიერ", არის აღძრული. "ცხინვალის საქალაქო სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეს, მამარდაშვილს, ის რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცემა", - აცხადებენ კაგებეში.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზთან ორი მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაცია 26 დეკემბერს გაავრცელა.
უწყების ცნობით, უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ აცნობეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
სუსში ამბობენ, რომ ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
პირველად გავრცელებულ ცნობაში დაკავებულთა ვინაობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არ გაასაჯაროვა, ერთადერთი, რაც სუსში უთხრეს რადიო თავისუფლებას, ისაა, რომ დაკავებულები ადგილობრივი მცხოვრებლები არ არიან, თუმცა რადიო თავისუფლებამ დაადგინა, რომ ერთ-ერთი დაკავებული ვანო ჯაფიაშვილი ნიქოზის მოსაზღვრე სოფელ ფხვენისიდან არის.
დე ფაქტო კაგებეს მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომ თითქოს ჯაფიაშვილი და მამულია, რუსეთის არმიის დეზერტირს საქართველოში გადასვლაში ეხმარებოდნენ, სუსში აცხადებენ, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ განცხადებებზე კომენტარს არ აკეთებენ. მათივე თქმით, დაკავებულთა გასათავისუფლებლად ცხელი ხაზის მეშვეობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
სოფელი ქვემო ნიქოზი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარეობს, რამდენიმე ათეულ მეტრში ცხინვალი იწყება და აქ საქართველოს მოქალაქეების დაკავება ხშირად ხდება ხოლმე.