“სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვარზე უსაფრთხოების საკითხები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების დღის წესრიგში კვლავ მთავარ თემად რჩება”, – ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ეგორ კოჩიევმა მექანიზმის 135-ე შეხვედრის შედეგების შეჯამებისას განაცხადა.
მისი თქმით, 8 სექტემბერს გამართული წინა შეხვედრის შემდეგ სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ ვითარება მშვიდი, სტაბილური და პროგნოზირებადია.
„გასული პერიოდის განმავლობაში ვითარება შედარებით მშვიდი, სტაბილური და პროგნოზირებადი იყო. მოქალაქეების მხრიდან დარღვევები არ დაფიქსირებულა – არც ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევა და არც დაკავების შემთხვევა“, – თქვა კოჩიევმა.
მისივე თქმით, საანგარიშო პერიოდში დარღვევები არც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და არც საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დაფიქსირებულა.
ამასთან, კოჩიევის განცხადებით, დაფიქსირდა ერთი შემთხვევა, როდესაც უპილოტო საფრენმა აპარატმა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.
„ეს ძალიან დიდ სიმაღლეზე მოხდა, ამიტომ საფრენი აპარატის ტიპის დადგენა ვერ მოხერხდა“, – განმარტა მან.
საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების დაკავება წლების განმავლობაში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება. დაკავებულებს, როგორც წესი, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.
netgazeti