ცხინვალის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის შემცვლელად ყოფილი რუსი ჩინოვნიკი მარატ კამბოლოვი დასახელდა

3 hours ago 3

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა, ჯამბოლატ თადტაევმა, 8 ივნისს თანამდებობა დატოვა, რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა, ალან გაგლოევმა კი ახალი მთავრობის ხელმძღვანელად ყოფილი რუსი ჩინოვნიკი მარატ კამბოლოვი წარადგინა. მიუხედავად იმისა, რომ კამბოლოვის რუსეთის მოქალაქეობა დადასტურებული არ არის, მას, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის სამთავრობო უწყებებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

რეგიონის ე.წ. პარლამენტს კამბოლოვის კანდიდატურა ჯერ არ დაუმტკიცებია.

თადტაევის გადადგომას, რომელიც დე ფაქტო მთავრობას თებერვლიდან ხელმძღვანელობდა, და კამბოლოვის დანიშვნას, რომელიც 27 მაისიდან გაგლოევის მრჩევლის პოსტს იკავებდა, წინ უძღოდა ცხინვალსა და მოსკოვს შორის 9 მაისს ე.წ. „სამეკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულების“ ხელმოწერა. ხელშეკრულება უკვე რატიფიცირებულია ორივე მხარის მიერ.

თადტაევმა გადადგომის შესახებ განცხადება დე ფაქტო მთავრობის 8 ივნისის სხდომაზე წარადგინა, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთთან თანამშრომლობა და მოსკოვთან შეთანხმებების, მათ შორის 9 მაისის ხელშეკრულების შესრულება განიხილებოდა. შეხვედრის თავმჯდომარე გაგლოევმა, განაცხადა, რომ ცხინვალსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში „ახალი ეტაპი“ იწყება.

9 მაისის ხელშეკრულებაში, რომელსაც თბილისმა რეგიონის ანექსიისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი უწოდა, ნათქვამია, რომ ერთი მხარის მოქალაქეებს „შეუძლიათ დაიკავონ სახელმწიფო და მუნიციპალური თანამდებობები“ მეორე მხარის ქვეყანაში. გაგლოევის მრჩევლის რანგში, კამბოლოვს ხელშეკრულების შესრულების ზედამხედველობა ევალებოდა. მისი მოვალეობები ასევე მოიცავდა „ინტეგრაციის, საინვესტიციო თანამშრომლობისა და ინფრასტრუქტურული პროგრამების განვითარებისკენ მიმართული ერთობლივი პროექტების კოორდინაციას“.

რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის ინფორმაციით, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული კამბოლოვი რუსეთის რიგ სამთავრობო უწყებებში მუშაობდა, მათ შორის განათლების სამინისტროში, ეროვნებათა და ფედერაციული ურთიერთობების სამინისტროში და ხელმძღვანელობდა ეროვნულ კვლევით ცენტრ „კურჩატოვის ინსტიტუტს“.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა