23
ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე:
„ბევრჯერ დამიწერია და ახლაც დავწერ იმ ადამიანების გასაგონად, ვინც კომენტარებში წერს: „მოკვდეს“, „ასეთებს რატომ უნდა ჰქონდეთ სიცოცხლის უფლება“, „თვითონ ირჩევს სიკვდილს და ნუ შეუშლით ხელს“ და ასე შემდეგ.
ძალიან მძიმეა ამის წაკითხვა.
და არის მეორე კატეგორიაც — „ყველა დაიჭირეთ“, „ყველა გამოკეტეთ“, „ყველა ნარკოტიკი გააქრეთ“ და ა.შ.
სამწუხაროდ, ზუსტად ასე ფიქრობს ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, მათივე ოჯახის წევრი, ახლობელი, შვილი, მეუღლე, მშობელი ან მეგობარი იყოს დამოკიდებულების მქონე ადამიანი.
თუ მართლა გვინდა, რომ ამ ქვეყანაში რამე შევცვალოთ და არსებული, უკიდურესად მძიმე მდგომარეობიდან გამოვიდეთ, პირველ რიგში უნდა ვაღიაროთ, რომ პრობლემა გვაქვს.
უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ნარკოტიკებს მოიხმარს ძალიან ბევრი ადამიანი. ასევე უნდა ვაღიაროთ, რომ გვყავს უამრავი ადამიანი, რომელიც დამოკიდებულების დაავადებით ცხოვრობს — და ისინი ამ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან. ვიღაცის შვილია, ვიღაცის ქმარი, ცოლი, მამა, დედა, და-ძმა, მეგობარი ან უბრალოდ ჩვენი მეზობელი.
მეორე, უნდა გავიგოთ, რომ ამ დაავადებას ადამიანი უბრალოდ „არ ირჩევს“. ნებისმიერ დამოკიდებულ ადამიანს რომ ჰკითხო, უკან დაბრუნების შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, უმეტესობა გეტყვის, რომ თავიდან ამას აღარ გააკეთებდა.
და მესამე — როცა სახელმწიფო ამ პრობლემას მხოლოდ დასჯის თვალით უყურებს და დამოკიდებულების მქონე ადამიანს პირველ რიგში კრიმინალად აღიქვამს, სისტემა მთლიანად იშლება. ადამიანი გარიყულია, კარგავს დახმარების მიღების შესაძლებლობას და საბოლოოდ ისევ ქუჩაში მიდის — იქ, სადაც ერთადერთი „დახმარება“, რომელსაც ხშირად პოულობს, ნარკოტიკია.
ნარკოტიკის გამოყენება არ არის დახმარება — მაგრამ დამოკიდებულ ადამიანს ხშირად სწორედ ნარკოტიკი სჭირდება იმისთვის, რომ დროებით მაინც გაუმკლავდეს იმ მდგომარეობას, რომელშიც იმყოფება.
სწორედ ამიტომ შექმნა მსოფლიომ ზიანის შემცირების უამრავი სერვისი — იმისთვის, რომ ამ ადამიანების ნდობა მოიპოვოს, დაანახოს, რომ სახელმწიფო და საზოგადოება მათზე ზრუნავს, რომ მათი სიცოცხლე მნიშვნელოვანია და რომ დახმარება შესაძლებელია.
და თქვენ, ვინც წერთ — „ამოწყდნენ“, „დავწვათ“, „ჩავძიროთ“ — უნდა იცოდეთ, რომ ასეთი დამოკიდებულებით სწორედ იმ რეჟიმს აძლევთ საფუძველს, რომ ადამიანებს ისე მოექცეს, როგორც დღეს ექცევა.
ჩვენ თუ გვინდა ცვლილება, უნდა შევცვალოთ დამოკიდებულება.
ჩვენ, ფედერალისტებმა, უნდა შევქმნათ ახალი, ჰუმანური ნარკოპოლიტიკა — პოლიტიკა, რომლის მთავარი მიზანი იქნება არა ადამიანის დასჯა და გარიყვა, არამედ მისი სიცოცხლის შენარჩუნება, დახმარება და საზოგადოებაში დაბრუნება.
ადამიანმა უნდა იგრძნოს, რომ ის ამ საზოგადოების წევრია.
მას დაჭერა და მოკვლა კი არ უნდა უნდოდეს სახელმწიფოს — უნდა უნდოდეს, რომ დავეხმაროთ.
ეს არის ნარკოპოლიტიკა, რომლისთვისაც ბრძოლას აზრი აქვს.“
საერთაშიროსო alia.ge