პატრიარქმა შიო მესამემ მარტვილში ქადაგებისას, თქვა:
დღეს ჩვენ, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ საქართველოს აწმყოზე და მომავალზე და ამ ორი დიდი მოღვაწის [დავით აღმაშენებელი და გიორგი ჭყონდიდელი] ცხოვრების მაგალითზე კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით ბიბლიურ ჭეშმარიტებაში, რომ თუ ჩვენ გვეგონება, მხოლოდ ჩვენი ძალებით, მხოლოდ ჩვენი ჭკუით შევძლებთ ქვეყნის გადარჩენას, გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, თუ ასე ვიფიქრებთ და სასურველ შედეგს ვერ მივაღწევთ.
რადგან არ არის საკმარისი მხოლოდ ადამიანური გარჯა და ძალები, არამედ რა არის კიდევ საჭირო ამისთვის? ღვთის ნება და ღვთის შეწევნა.
და ეს შესანიშნავად უწყოდნენ მეფე დავითმაც და წმინდა გიორგი ჭყონდიდელმაც. ამიტომაც მიიღეს ასეთი საოცარი, საამაყო ნაყოფები.
და აი, დღეს ვილოცოთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ვთხოვოთ უფალს, ვთხოვოთ წმინდა დავით მეფეს, წმიდა გიორგი ჭყონდიდელს, რომ მათი ლოცვით უფალმა მოგვმადლოს ასეთი სინერგია ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის გადარჩენის და გამთლიანების მიზნისკენ მომართული.
აი, ამ მიზნით გაერთიანებულიყოს მთელი ერი, ყოფილიყოს შეკრული. და რა თქმა უნდა, აი ამ სანუკვარ მისაღწევ ჩვენს მიზანში, აი ამ დიდ საქმეში უდიდესი როლი აქვს იმ მხარეს, რომელშიც ჩვენ აქ დღეს ვიმყოფებით, სამეგრელოს. სამეგრელო მუდამ უნდა იყოს ქვეყნის ერთიანობის სადარაჯოზე და იცავდეს საქართველოს ერთიანობას და მთლიანობას და ჩვენ ყველანი დარწმუნებულნი ვართ, რომ სამეგრელო ამ უდიდეს მისიას, როგორც ასრულებდა საუკუნეების განმავლობაში, ასე შემდგომშიც შეასრულებს.
საერთაშიროსო alia.ge