ცხოველთა უფლებადამცველები საქართველოს პროკურატურას მიმართავენ და ძაღლების შესაძლო უკანონო დახოცვისა და მათი ნეშტების დამარხვის გარემოებების გამოძიებას ითხოვენ.
უფლებადამცველთა მოთხოვნა მოჰყვა 31 ოქტომბერს, ტელეკომპანია ტვ პირველის ეთერში, გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ მიერ გავრცელებულ საგამოძიებო მასალის ანონსს, რომელშიც, უფლებადამცველების განცხადებით, ჩანს, როგორ მარხავენ ძაღლების ნეშტებს ღამით, ველის სასაფლაოს ტერიტორიაზე სპეციალურად მოწყობილ ორმოში.
ცხოველთა უფლებადამცველები პეტიციას ავრცელებენ, რომლითაც პროკურატურისგან დაუყოვნებლივ რეაგირებას, ნეშტების ექსპერტიზასა და ცხოველების სიკვდილის გარემოებების დადგენას მოითხოვენ.
პეტიციის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოქალაქეები მათ მზრუნველობაში მყოფი ძაღლების საეჭვო გაუჩინარების შემთხვევებზე საუბრობენ.
სატელევიზიო სიუჟეტში ისმის კომენტარი, რომ ერთ-ერთი ძაღლის ნეშტი ჯერ კიდევ თბილი იყო.
„ეს გარემოება თავისთავად არ ადასტურებს სიკვდილის მიზეზს, თუმცა აჩენს სერიოზულ კითხვებს ცხოველების სიკვდილის გარემოებებისა და ევთანაზიის პროცედურების კანონიერებისა და ჰუმანურობის შესახებ“, - ნათქვამია პეტიციაში.
უფლებადამცველები მოითხოვენ, გამოძიებამ შეისწავლოს შესაძლო დანაშაულის ნიშნები, მათ შორის ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობა, შესაძლო ქურდობა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ან სამსახურებრივი გულგრილობა, ასევე ოფიციალური მონაცემების შესაძლო გაყალბება ან დამალვა.
პეტიციის ავტორები პროკურატურისგან ითხოვენ:
- ველის სასაფლაოზე არსებული ორმოს დათვალიერებას, ყველა ნეშტის ამოღებასა და ინდივიდუალურ აღრიცხვას;
- დამოუკიდებელი ვეტერინარულ-პათოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებას, რათა დადგინდეს ცხოველების სიკვდილის მიზეზები, სავარაუდო დრო და შესაძლო დაზიანებები;
- ნეშტებზე მიკროჩიპების, საყელოებისა და სხვა საიდენტიფიკაციო ნიშნების შემოწმებას;
- დაკარგული ძაღლების შესახებ მოქალაქეთა განცხადებების შესწავლასა და მათი მონაცემების აღმოჩენილი ნეშტების მონაცემებთან შედარებას;
- ევთანაზიის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტაციისა და გამოყენებული პრეპარატების აღრიცხვის შემოწმებას.
ამასთან, უფლებადამცველები ითხოვენ დადგინდეს, ვინ გასცა ძაღლების ნეშტების დამარხვის განკარგულება, ვინ განახორციელა მათი გადატანა და დამარხვა და შეესაბამებოდა თუ არა ეს პროცედურა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
პეტიციის კიდევ ერთი მოთხოვნაა ცხოველთა სიკვდილიანობისა და ევთანაზიის ოფიციალური სტატისტიკის გადამოწმება, რათა გამოირიცხოს მონაცემების გაყალბება, დამალვა ან არასრულად აღრიცხვა.
„საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, რამდენი ცხოველი დაიღუპა და რა ვითარებაში; რა მეთოდით და რა პრეპარატებით ჩატარდა ევთანაზია; ვინ მიიღო გადაწყვეტილება ცხოველების ევთანაზიისა და ნეშტების დამარხვის შესახებ; რამდენად შეესაბამება ოფიციალური სტატისტიკა რეალურ მონაცემებს და რატომ ხდებოდა ნეშტების ღამით და ფარულად დამარხვა“, - აცხადებენ პეტიციის ავტორები.
ისინი პროკურატურისგან არა ფორმალურ რეაგირებას, არამედ სრულყოფილ და დამოუკიდებელ გამოძიებას მოითხოვენ.
radiotavisupleba ახალი ამბები