ძლიერი მიწისძვრა საბერძნეთში – რყევები ბევრ ქალაქში იგრძნობოდა, მათ შორის, ათენშიც

5 days ago 5

9 სექტემბრის ღამეს საბერძნეთში, კუნძულ ევიის (ევბეა) სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროსთან 5.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები ბევრ ქალაქში, მათ შორის, ათენშიც იგრძნობოდა.

ამის შესახებ ekathimerini-ი იტყობინება.

მიწისძვრის პირველი ბიძგი სამშაბათს, ადგილობრივი დროით 00:27 საათზე დაფიქსირდა და ინტენსივობამ თანდათან მოიმატა.

ათენის გეოდინამიკის ინსტიტუტმა თავის ვებსაიტზე დაწერა, რომ ეპიცენტრი ქალაქ ნეა სტირიდან ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით ხუთი კილომეტრის დაშორებით იყო, კერა 13.6 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა, მარათონასის მერმა სტერგიოს ცირკასმა განაცხადა, რომ მიწისძვრა „ძალიან ინტენსიური“ იყო, თუმცა ნგრევა არ დაფიქსირებულა და არავინ დაშავებულა. ევიის სამხრეთ ნაწილში მდებარე კარისტოსიდანაც ანალოგიური ცნობები გავრცელდა.

მედიის ცნობით, მიწისძვრა ასევე იგრძნობოდა ათენსა და მის შემოგარენში, რომელიც ეპიცენტრიდან სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 50 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, მათთვის დახმარების თხოვნით არ მიუმართავთ და მნიშვნელოვანი ზარალი არ დაფიქსირებულა. სახანძრო სამსახურმა სამხრეთ ევიასა და აღმოსავლეთ ატიკაში პატრულირება განახორციელა, EMAK-ის ორი სამაშველო ჯგუფი კვლავ მზადყოფნაში რჩება.

„ამ დროისთვის დაფიქსირდა მინიმუმ 15 აფტერშოკი, რომელთა სიმძლავრე 2.7 მაგნიტუდას აღწევდა. სავარაუდოდ, საქმე გვაქვს მთავარ მოვლენასთან, მაგრამ უნდა დაველოდოთ, თუ როგორ განვითარდება სეისმური თანმიმდევრობა“, – განაცხადა გეოლოგიის პროფესორმა და მიწისძვრების დაგეგმვისა და დაცვის ორგანიზაციის პრეზიდენტმა ეფტიმიოს ლეკასმა სახელმწიფო მაუწყებელ ERT-სთან საუბრისას.

მისივე თქმით, შეშფოთების საფუძველი არ არსებობს: „ეს არის ტერიტორია, სადაც, ისტორიული და ინსტრუმენტული მონაცემებით, ჩვეულებრივ, უფრო ძლიერი მიწისძვრები არ ფიქსირდება. ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას, მაგრამ შეშფოთების საფუძველი აბსოლუტურად არ არსებობს“, – განმარტა ლეკასმა.

ნეა სტირის ბევრმა მცხოვრებმა სიფრთხილის მიზნით ღამე ღია ცის ქვეშ გაატარა. „მიწისძვრა დიდხანს გაგრძელდა და ძალიან შეშფოთებულები ვიყავით. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენს ტერიტორიაზე ასეთი ძლიერი მიწისძვრა ვიგრძენით“, – განუცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა ERT-ს.

ევიის მახლობლად მომხდარი მიწისძვრა რეგიონის სეისმური აქტივობის შეხსენებაა, ამიტომ ექსპერტები დაბეჯითებით ურჩევენ ადგილობრივ მოსახლეობას, ფხიზლად იყვნენ და დაიცვან უსაფრთხოების სამსახურების მითითებები.

გეოდინამიკის ინსტიტუტი სეისმური სიტუაციის მონიტორინგს აგრძელებს.

სრულად წაკითხვა