12
მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული:
“წებოვანი ქაღალდის” პრინციპი
———————————
ალბათ ყველას გინახავთ ვიდეო-რგოლი, სადაც რეკლამას უკეთებენ ვირთხების დასაჭერ წებოვან ქაღალდს. ქაღალდის შუაგულში სასუსნავია მოთავსებული და ვირთხები ცდილობენ მასთან მისვლას. ქაღალდზე შეიძლება ათობით ვირთხა იყოს უკვე დაკრული და სულს ღაფავდეს, მაგრამ ახალმოსული ვირთხები მათ ყურადღებას არ აქცევენ, გულგრილად ჩაუვლიან და გაუნელებელი ჟინით ცდილობენ სასუსნავამდე მიღწევას.
წებოვანი ქაღალდის დიდებული ეფექტურობის საიდუმლოც სწორედ ამ გაუნელებელ ვირთხულ ჟინშია, რომელიც არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება და ისეთივე მტკიცეა, როგორც ყველაფერი სხვა პრიმიტიული.
ადამიანებშიც ზუსტად იგივე ჟინი მოქმედებს. ცხოველური საწყისი ყველა ცხოველში ხომ უნივერსალურად ერთნაირია.
მაგალითად, ვხედავთ როგორ ერთიმეორის მიყოლებით მიდიან ეროვნული მთავრობის კორუმპირებული ჩინოვნიკები ციხეში, მაგრამ მათ ახლები ანაცვლებენ და პროცესი შეუნელებლად გრძელდება. როგორც ვირთხას არ შეუძლია სიხარბის მთავარი ინსტიქტის დაძლევა, ასევე ამ ადამიანებს.
კორუფცია – ადამიანების “წებოვანი ქაღალდი”, ერთნაირად ეფექტურია ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ სოციუმში.
მაგალითად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნის პრეზიდენტის მილიონერ შვილს შეუძლია რამდენიმე ასეული ათასი დოლარისათვის უკანასკნელ ნაძირალას “ძვირფასი მეგობარი” უწოდოს და რეპუტაცია გაუნადგუროს საკუთარ თავსაც და ძლევამოსილ მამასაც.
მაგალითად, ეგზისტენციურ ომში ჩაბმული ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია უზარმაზარი სახელმწიფო გრანტი აიღოს სამხედრო აღჭურვილობის შესაქმნელად; შემდეგ ეს გრანტი შეჭამოს და თავის დასაძვრენად მტერს მიაწოდოს თავისი “საწარმოს” კოორდინატები, როგორც მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტის. დაბომბვის შემდეგ კი მთავრობას განუცხადოს, რომ მტერმა გაანადგურა მისი ქარხანა და რომ ვეღარ შეძლებს დაპირებული პროდუქციის მიწოდებას. ასე ისანსლება მრავალმილიონიანი გრანტები, რომლებიც შემდეგ საზღვარგარეთ, ფეშენებლურ ვილებში ტრანსფორმირდებიან.
-ესეიგი, არანაირი განსხვავება არ ყოფილა ადამიანების ვირთხულ ჟინში მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში. მაშინ რატომ განვიცდით ენდემურ კორუფციას? – დაასკვნის ენდემური ტეტია და კმაყოფილებით მოიფშვნეტს ხელებს.
განსხვავება კი ძალიან არსებითია. შემდგარ ქვეყანაში ვირთხების ქსელს მრავალდაზღვევიანი სისტემა უპირისპირდება და კონკრეტული ვირთხის ვირთხობისათვის მთელი კლანი ისჯება პოლიტიკურადაც და სამართლებრივადაც.
შეუმდგარ ქვეყნებში კი, როგორიცაა ჩვენი ენდემური ედემი და ეგზისტენციურ ომში ჩაბმული თანამოძმე, მხოლოდ გამოჭერილი ვირთხები ეწებებიან “ქაღალდზე”; კლანი კი აგრძელებს თქვლეფას, რადგან ასეთ ქვეყნებში არ არსებობს სისტემა, რომელიც კლანებსაც პასუხს აგებინებს მათი წარმომადგენლის ვირთხობისთვის.
რატომ არ არსებობს ეს სისტემა? იმიტომ რომ შეუმდგარი ქვეყნის სოციუმებს არა აქვთ არც ნება, არც გამბედაობა და არც ინტელექტი მის შესაქმნელად. ამიტომაც არიან ისინი შეუმდგარნი, მიუხედავად ეპიზოდური, ილუზორული წარმატებებისა.
საერთაშიროსო alia.ge