მისი თქმით, ხელისუფლება რეკომენდაციების ნაწილს ეთანხმება, თუმცა „ანგარიშს აქვს გარკვეული ხარვეზები ფაქტობრივი სიზუსტის თვალსაზრისით“.
„დოკუმენტში წერია მხოლოდ ბრალდებებზე, თუმცა, მტკიცებულებები ვერ მოიძებნა. დოკუმენტი შეადგინა ერთმა ექსპერტმა, რომელიც საქართველოს მხოლოდ 72 საათით სტუმრობდა. მოგიწოდებთ, რომ წაშალოთ სიტყვა „საქართველო“ ამ აბზაციდან...
რაც შეეხება გამოძიების შესახებ მოწოდებას, გამოძიება უკვე დაწყებულია და რამდენიმე დამნაშავე პასუხისგებაში უკვე მიეცა. ობიექტურობისთვის ეს პუნქტები უნდა აისახოს ამ რეზოლუციაში“, - თქვა სამხარაძემ.
სამხარაძე საქართველოდან ეუთოში წასული დელეგაციის ხელმძღვანელია. მასთან ერთად 33-ე სესიას დაესწრნენ: პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი.
„მოსკოვის მექანიზმი“ საქართველოზე
ეუთოს 23 ქვეყნის მოთხოვნით, საქართველოსთან დაკავშირებით ამოქმედებული „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიში ადამიანის უფლებებზე მკვეთრად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდებს. ანგარიში 12 მარტს გამოქვეყნდა.
- „მომხსენებლის მთავარი დასკვნა ცალსახაა“, - წერენ ეუთოს წევრი სახელმწიფოები და ანგარიშიდან ერთ-ერთ ამონარიდს ციტირებენ:„მანდატით გათვალისწინებულ პერიოდში საქართველოში დემოკრატიული თვალსაზრისით აშკარა უკუსვლა დაფიქსირდა“.
- „ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გამოასწოროს დემოკრატიული უკუსვლა და სრულად განახორციელოს "მოსკოვის მექანიზმის" რეკომენდაციები“, - აცხადებენ ისინი.
ანგარიში 46 რეკომენდაციაა 9 პრიორიტეტული მიმართულებით. მათ შორის არის რამდენიმე კანონის გაუქმება, „პოლიტიკურად მოტივირებული“ მიზეზით დაკავებულების გათავისუფლება, სამართლიანი მართლმსაჯულება და ა.შ.
ეუთოს 33-ე სესია
ამ დღეებში ჰააგაში მიმდინარე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე ყოველწლიურ სესიაზე საქართველო ნახსენებია სამ დოკუმენტში. მათგან ერთ-ერთი ამერიკელი კანონმდებლის - ჯო უილსონის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტი - „არჩევნების სამართლიანობისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვა საქართველოში“, რომელიც შეიცავს მოწოდებებს როგორც საქართველოს ხელისუფლების, ისე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისა საერთაშორისო თანამეგობრობისადმი - საქართველოში დემოკრატიის მხრივ არსებული ვითარების გამოსასწორებლად.
ამ პროექტში არის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მოწოდება წევრი ქვეყნებისა და საერთაშორისო საზოგადოებისადმი, რომ მათ:
- საქართველოს ხელისუფლებასთან აწარმოონ მუდმივი ადვოკატირება დემოკრატიული ნორმების დაუყოვნებლივ აღსადგენად და მომავალი საარჩევნო პროცესის ეუთოს პრინციპებთან სრულად შესაბამისობაში ორგანიზებისთვის;
- თავი შეიკავონ საქართველოში ჩატარებული ნებისმიერი არჩევნების შედეგების აღიარებისგან, რომლებიც ადგილობრივი და საერთაშორისო სანდო სადამკვირვებლო მისიების მიერ არ შეფასებულა როგორც თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული;
- შეინარჩუნონ სიფხიზლე საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარების მიმართ და საქართველოს ხალხს გაუწიონ უწყვეტი დახმარება დემოკრატიული ღირებულებებისკენ მათ სწრაფვაში.
საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ „კონკრეტული აქტორები, ჩვენ ვხედავთ, რომ იყენებენ ნებისმიერ ფორმატს, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებში იმისათვის, რომ ის დღის წესრიგი, რომელიც აქვთ საქართველოს წინააღმდეგ იყოს მაქსიმალურად გამოყენებული და საერთაშორისო ინსტიტუტებიც ამ მიზნებისთვის გამოიყენონ“.

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·