წმიდა ბასილის სკიტში გადასვლა და ბერ ეფრემის გარდაცვალება – თავი პირველი: ცხოვრება; წიგნი წმინდა იოსებ ისიქასტი

6 months ago 14

მონაზვნებისთვის ადგილსაცხოვრებლის შეცვლა არ არის სასიამოვნო, მაგრამ თუ აუცილებელი ან საჭირო იყო, მაშინ ბევრი წმიდა მამა მიმართავდა ამ გზას. ბოროტების თავი და ჩვენი ცხონების ხელისშემშლელი ეშმაკი არანაირ მეთოდსა თუ ხრიკს არ იშურებს იმისთვის, რომ ჩვენი სულიერი წინსვლა დააბრკოლოს. ყველაფერს იყენებს თავისი მიზნისთვის: ადგილს, სხეულის ნაწილებს, პიროვნებებს, ნივთებს, შინაგან და გარეგან ფაქტორებს – რაც კი რამ შეიძლება მოიფიქროს კაცმა. ყველაფერს ჩვენ საწინააღმდეგოდ აქცევს, რათა ღმერთისადმი რწმენა მოგვაკლდეს, რათა იმედები გაგვიცრუვდეს. მაგრამ განსაკუთრებით იმათ ემტერება, რომლებიც გულისმიერ და გონებისმიერ მოღვაწეობაში წარემატებიან. ამის შესახებ ამბა ისააკ ასური გვასწავლის შემდეგს: თუ ეშმაკი მიხვდა, რომ კაცი ამგვარ სულიერ საქმიანობაში იწყებს წინსვლას, მაშინ დედამიწის მეორე ბოლოდანაც კი მოიყვანს ადამიანსა თუ სხვა მიზეზს, რათა დააბრკოლოს მოღვაწე, ხელი შეუშალოს მას, გაუნელოს კეთილი განწყობა და მისმა გონებამ საღმრთო მადლის მოქმედება ვერ შეიგრძნოს.

მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანი არ გასულიყო მას მერე – ძველ მამებთან შედარებით – რაც ჩვენმა მოძღვარმა საღმრთო მადლის ძიება დაიწყო, თვით მადლმა ასწავლა ის, თუ რა ღირსება აქვს მას (მადლს). გამოცდილი ჰქონდა ადამიანური წინდაუხედაობის გამო მადლის მოკლების უმტკივნეულესი და ურთულესი პროცესიც. ამის გამო ცდილობდა, მდუმარებისა და უზრუნველობის კანონები მაქსიმალური სიზუსტით დაეცვა. მარხვა, დუმილი, მღვიძარება, ჭირთათმენა – ის, რაც ადამიანის ინიციატივაზეა დამოკიდებული – ამ ყველაფერს ზედმიწევნით ასრულებდა. მაგრამ გარეშე ფაქტორებს, განსაკუთრებით, სხვა ადამიანებისგან მომდინარე პრობლემებს, რაც მასზე არ იყო დამოკიდებული, ვერაფერს გაუხდა. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი ის დარჩათ, ადგილი შეეცვალათ. სამივე თანახმა იყო საცხოვრებელი გამოეცვალათ. ამგვარად, თავიანთი კალივა გადააბარეს კატუნაკების წმიდა

ეფრემის კალივის, ბერ ეფრემის საძმოს და წმიდა ბასილი დიდის სკიტს მიაშურეს. თან წაიღეს მხოლოდ რამდენიმე შესამოსელი, წიგნი და ის, რაც ხელით შეეძლოთ წაეღოთ. წმიდა ბასილის სკიტში სხვა სირთულეს წააწყდნენ: თავისუფალი კალივა არ იყო და ამიტომ იძულებულები გახდნენ ახალი აეშენებინათ. ეს ძალიან ძნელი აღმოჩნდა, რადგან იქ საშენი მასალა არ მოიპოვებოდა. მოხუცი ეფრემი მალე გარდაიცვალა, ისე, როგორც წმიდანებს შეეფერებათ წინასწარ შეიგრძნო სიკვდილის მოახლოება და შესაბამისად მოემზადა.

სკიტის წყნარი და აუღელვებელი გარემო იდეალური იყო ჩვენი მამებისათვის, ხოლო ამქვეყნიურ საზრუნავს მოშორებული ცხოვრება კიდევ უფრო უკეთეს პირობებს უქმნიდა, რათა იესოს ლოცვასა და „პრაქტიკაში“, ანუ საქმეში წარმატებულიყვნენ. „საქმეს“ წმიდა მამები იმ სათნოებებს უწოდებენ, რომლებიც სხეულით აღესრულება და რაც ქრისტესმიერი ცხოვრების პირველი, აუცილებელი ეტაპია. ბერ ეფრემის გარდაცვალების შემდეგ ახალგაზრდა მონაზვნები სრულიად გათავისუფლდნენ მიწიერი პასუხისმგებლობებისგან, ამიტომ მიატოვეს თავიანთი სახელდახელო კალივა და მთელი ზაფხული სხვადასხვა ადგილებში მოღვაწეობდნენ, განსაკუთრებით იქ, სადაც გაიგებდნენ, რომ წარსულში ვინმე სათნოებამოსილ ბერს ეღვაწა. ძირითადად ათონის მწვერვალის მიმდებარე ადგილებში იმყოფებოდნენ და უფრო დაბლაც, დიდი ლავრის ტერიტორიის საზღვრებამდე. თუ ოდესმე საჭირო გახდებოდა ვინმესთან სულის სასარგებლო საუბარი ჰქონოდათ, ძალებს არ იშურებდნენ და ყველაზე შორ მონასტრებსა თუ სკიტებს მიაშურებდნენ ხოლმე, მაგრამ, როგორც ითქვა, ყველაზე მეტად უყვარდათ ათონის მთა და ათანასეს ლავრის მიმდებარე ტერიტორია.

მთავარი მიზეზი იმისა, რომ ერთ ადგილას არ ჩერდებოდნენ, იყო ის, რომ სურდათ, უმეტესობისთვის უცნობები

დარჩენილიყვნენ და ისეთი ადამიანი ეპოვათ, ვინც სულიერ ცხოვრებას ასწავლიდა. ამ მიმოსვლებში თან დაჰქონდათ: ძველი რუსული ბეწვის ანაფორები, რომლებსაც ქვეშაგებ- გადასაფარებლებადაც იყენებდნენ; თითო დორვა ორცხობილისთვის და ერთი პატარა სპილენძის ქვაბი, რომელშიც ათონის მთაზე მოკრეფილ ველურ მცენარეებს ხარშავდნენ. გაურბოდნენ უაზრო შეხვედრებს, რათა მდუმარება არ დაერღვიათ. ცდილობდნენ, ერთმანეთშიც არ ელაპარაკათ. დადიოდნენ თუ დასასვენებლად ჩამოსხდებოდნენ, ერთმანეთისგან გარკვეულ მანძილზე იყვნენ ხოლმე. ზამთარში თავიანთ კალივაში ბრუნდებოდნენ წმიდა ბასილის სკიტში და აღდგომამდე იქ დაეყუდებოდნენ, აღვსების შემდეგ კი ისევ ჩვეულ მიმოსვლას იწყებდნენ.

მამა იოსები სულიერ მოღვაწეობასა და იესოს ლოცვაში შეუვალი იყო. საკუთარ თავთან უაღრესად მკაცრი იყო ჭირთათმენის ყველაზე სასტიკ კანონებს უსადაგებდა. ბევრს მარხულობდა, უფრო მეტად კი, მღვიძარებასა და ღამისთევაში ირჯებოდა, რადგან, როგორც თვითონ ამბობდა, არცერთი სხეულებრივი ღვაწლი არ აჭკნობს ვნებებს და ალაგმავს ხორციელ გულისთქმებს ისე, როგორ უძილობა. ამ უზრუნველი მოღვაწეობის პერიოდში ისე ცოტას ჭამდა, რომ ჩვენს თაობას დაუჯერებლად შეიძლება მოეჩვენოს: ყოველდღე მხოლოდ სამოცდათხუთმეტ გრამ ორცხობილას იხმევდა ბიზანტიური მეცხრე ჟამის¹ შემდეგ. მხოლოდ შაბათ-კვირას, თუ რომელიმე მონასტერში ან დასახლებულ ადგილას მოხვდებოდნენ ხოლმე, იქ მცირე საჭმელს აძლევდნენ და იმას ჭამდნენ. ორცხობილით მონასტრები ამარაგებდნენ – იმხანად სავანეების მიერ განშორებულ ასკეტთა დაპურების ეს ძველი ადათ-ჩვევა ფართოდ იყო გავრცელებული. ხელსაქმეს განზრახ არ ეწეოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა მოძღვარმა ჩინებულად იცოდა ხეზე კვეთა, ჰქონდა ამ საქმისთვის აუცილებელი ხელების განსაკუთრებული სტაბილურობა, რაც იშვიათი ტალანტია. ისე შეზღუდულად ცხოვრობდნენ, რომ ხარჯები, ფაქტობრივად არ ჰქონდათ და ამიტომ დასაწყისში შეეძლოთ ხელსაქმის გარეშე თავის გართმევა. როდესაც ღარიბული მონაზვნური სამოსი უცვდებოდათ, მონასტრების ღმრთისმოშიში ბერები  სხვას აძლევდნენ და ამგვარად არც ამაზე სჭირდებოდათ განსაკუთრებული ზრუნვა. მოღვაწეობის ამ სახით დაახლოებით რვა წელი იცხოვრეს.


წიგნიდან “წმინდა იოსებ ისიქასტი” – ბერი იოსებ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2022

სრულად წაკითხვა