წყალტუბოს სასტუმროების აღდგენის პროექტთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერის მორიგ ჩავარდნას კონკრეტული განმარტებებით და მინიშნებებით ეხმაურება პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი რომან გოცირიძე:
“წყალტუბოს არავინ ეკარება. კვლავ ჩავარდა 10 ძველი სასტუმროს აღდგენის პროექტი. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხელისუფლების არასწორი მიდგომაა ინვესტორების მიმართ.
ინვესტორს ავალდებულებენ, აღადგინოს ძველი, სრულად ამორტიზებული შენობები და შეინარჩუნოს მათი თავდაპირველი სახე. ეს კი დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და პროექტს ეკონომიკურად არამიმზიდველს ხდის. მარტივად რომ ვთქვათ, ინვესტორი ვერ ხედავს, როგორ უნდა დაიბრუნოს ჩადებული ფული და მიიღოს მოგება.
ამ მიდგომას შეიძლება საბჭოთა ნოსტალგია ვუწოდოთ. ინვესტორს კი უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ძველი შენობების ნაცვლად თანამედროვე, კომერციულად სიცოცხლისუნარიანი სასტუმროები ააშენოს და ამით კურორტის განვითარებაში რეალური წვლილი შეიტანოს.
წარსულში წყალტუბოს მასშტაბი კარგად ჩანს ერთი ფაქტით: ყოველდღე-ხაზს ვუსვამ, ყოველდღე, ზამთარ-ზაფხულ მოსკოვი-წყალტუბოს მატარებელი მოძრაობდა. იმ მასშტაბს ვერასდროს დააბრუნებ.
ინვესტორების მიმართ ამგვარი მიდგომის გამო წყალტუბოს საკურორტო პოტენციალი დღემდე მინიმალურად არის ათვისებული.
წყალტუბოს სჭირდება არა წარსულის კონსერვაცია, არამედ თანამედროვე, ეკონომიკურად გამართული განვითარება“, – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.
paraleli პოლიტიკა