წყაროების თქმით, მასკი პენსილვანიაში ტრამპის კამპანიაში აქტიურად ჩართვას გეგმავს

2 weeks ago 22

ილონ მასკი გეგმავს უფრო აქტიურად ჩაერთოს რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის კამპანიაში, პენსილვანიაში. ამის შესახებ სააგენტო "როიტერს" ინფორმაცია წყარომ მიაწოდა, რომელიც საარჩევნო კამპანიის გეგმების შესახებ ინფორმირებულია, მაგრამ ანონიმურად დარჩენა სურს. ცოტა ხნის წინ, მილიარდერი იქ ყოფილ პრეზიდენტთან ერთად გამოჩნდა, რამაც დიდი რეზონანსი გამოიწვია.

შაბათს, პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში, ტრამპის მხარდასაჭერად, მასკი სცენაზე ავიდა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც "ტესლას" აღმასრულებელი დირექტორი და მედია პლატფორმა X-ის მფლობელი მასკი, ტრამპის კამპანიაში ფიზიკურად ჩაერთო. მასკმა ტრამპისადმი ღია მხარდაჭერა 13 ივლისს დააფიქსირა, მაშინ, როდესაც ტრამპს პირველად ესროლეს და დაჭრეს.

წყარო სააგენტო "როიტერს" ეუბნება, რომ მასკი კიდევ რამდენჯერმე გამოჩნდება საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიაში. ტრამპის გუნდის წევრებს ამაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

პენსილვანია ამ საარჩევნო ციკლში ერთ-ერთ გადამწყვეტ შტატად მიიჩნევა როგორც ტრამპის, ისე მისი დემოკრატი ოპონენტის, კამალა ჰარისისთვის. ტრამპი საარჩევნო კამპანიას ოთხშაბათს, შტატის ორ ქალაქში, სკრანტონსა და რიდინგში გააგრძელებს.

სრულად წაკითხვა