"ხარებმა" დიდი 10-ის მეორე ტურის დასკვნით მატჩში თბილისის "ლელოს" ჯარიმის წყალობით სძლია

6 hours ago 1

რუსთავის ‘ხარებმა’ დიდი 10-ის მეორე ტურის დასკვნით მატჩში თბილისის ‘ლელოს’ ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმის წყალობით 16:15 სძლია და ახალ სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა.

„ხარები არენაზე“ მაყურებელმა დაძაბული და საინტერესო თამაში იხილა. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ორი ლელო გავიდა, მთლიანობაში შეხვედრამ დინამიურად, ორმხრივ შეტევებში ჩაიარა.

მე-15 წუთზე ‘ხარებმა’ ფრთაზე სწრაფად ჩაათამაშა ბურთი და ლევან ნარიმანიძემ ლელო ალამთან გაიტანა. ტაიმის მეორე ნახევარში მასპინძლები დისციპლინამ დააღალატა, ისინი დასარტყმელ პოზიციებში 5-ჯერ დაჯარიმდნენ, გიორგი ბოლქვაძემ კარში 100% იანი სიზუსტით ურტყა და შესვენებაზე სტუმრები 10-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ - 15:5.

რუსთაველებმა მეორე ტაიმის დასაწყისში მეორე სანახაობრივი ლელო გაიტანეს. მათ ცენტრში დანიშნული დერეფნიდან ბურთი ფრთიდან-ფრთამდე ჩაათამაშეს, გიორგი ზაზაძემ ორი მბოჭავი კონტაქტით ჩამოიცილა და ლელო გაიტანა. მარგიანის გარდასახვა ძელმა აისხლიტა. ‘ხარები’ ბურთს და ტერიტორიას აკონტროლებდა, ლელო ჯარიმდებოდა და 57-ე წუთზე შოთა თევზაძემ ლევან ბაჩილავა 20-წუთიანი წითელი ბარათით გააძევა. მარგიანმა ჯარიმა ძელის გავლით გაიტანა და სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანა.

‘ლელოს’ მალევე შეეძლო პასუხის გაცემა, თუმცა ბოლქვაძეს ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმა გაუცუდდა. 66-ე წუთზე სინბინით სანდრო სვანიძე დაისაჯა და მოედანზე მოთამაშეთა რაოდენობის გათანაბრებასთან ერთად თამაშიც გათანაბრდა. უფრო მეტიც, სტუმრებმა დროის უმეტესი ნაწილი მეტოქის ნახევარზე გაატარეს, ჯარიმა კარში არ დაარტყეს და ბოლო წუთზე კონტრშეტევა მიიღეს, რასაც დერეფნიდან აგორებული მოლი და ჯარიმა მოყვა.

გადამწყვეტი დარტყმის შესრულება დავით მოძღვრიშვილმა ითავა, ბურთი ძელებსშუა გააძვრინა და ‘ხარებს’ 16:15 მოაგებინა, ‘ლელო’ კი ნუგეშ-ქულას დასჯერდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე რუსთაველთა მეორეხაზელი ვასილ ზღუდაძე გახდა.

RUGBY.GE

სრულად წაკითხვა