ხაშურის სოფლებში მოსახლეობა გზების გაწმენდას ითხოვს. ადგილობრივები ჩივიან, რომ მათ დასახლებებში საავტომობილო და საფეხმავლო გზები არ იწმინდება, არაეფექტურად მუშაობს სპეც.ტექნიკა და გადაადგილებისას, პრობლემები ექმნებათ.
პრობლემის შესახებ სოციალურ ქსელში აქტიურად წერენ ბეკამის და გვერდისუბნის მაცხოვრებლები.
“ტრაქტორი ისეთი ამოიყვანეს ბეკამში, თვითონ იყო თოვლიდან ამოსაყვანი და დასახმარებელი“, – ამბობს მაია ლალუაშვილი.
“თოვლ-ჭყაპში ვართ ჩაფლულები გვერდისუბნის მოსახლეობა. საერთოდ როდის უნდა მოგვაქციონ ყურადღება. ასეთი განუკითხაობა 90-იან წლებშიც კი არ გვახსოვს. სირცხვილია“, წერს ნანა ბლიაძე.
უამინდობის შედეგად დაზიანდა ელექტრო სადენებიც, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს ელექტრო ენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.
“სადენები და ბოძები ზაფხულში გამოცვალონ ყოველ ამინდის არევაზე რომ უშუქოთ რჩება ამდენი ხალხი“, – წერს ქვიშხეთში მცხოვრები შოთა ლაცაბიძე.
“არც დენია და არც გზაა გაწმენდილი. ერთხელაც კი არ იყვნენ მოსულები, ყველა ნაბიჯზე მანქანაა ჩავარდნილი, შეუძლებელია გადაადგილება“, – აღნიშნავს ნინო ლომსაძე, რომელიც ხაშურში, წმინდა ნინოს ქუჩაზე ცხოვრობს.
მოქალაქეთა უკმაყოფილების პასუხად, ხაშურის მერიამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ გაწმენდითი სამუშაოებისთვის დამატებითი ტექნიკა დაიქირავეს.
“მობილიზებულია ა(ა)იპ ხაშურსერვისის ტექნიკა. მუნიციპალიტეტმა სამუშაოების შესასრულებლად დამატებითი ტექნიკაც დაიქირავა. ქალაქ ხაშურში და მუნიციპალიტეტის სოფლებში იწმინდება გზები, პარალელურად მიმდინარეობს დაზიანებული ელექტრო სადენების აღდგენა“, – ვკითხულობთ მერიის განცხადებაში.
ელექტრო ენერგიის შეწყვეტის გამო, სასწავლო პროცესი ამ დრომდე შეჩერებულია სოფელ ფლევის და სურამის მესამე საჯარო სკოლებში.