ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ პოდკასტ Viva el Futbol-ში "ნაპოლის" თემაზე საუბრისას ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო შემცვლელად დანიელ ნდოიე დაასახელა. კასანოს შეფასებით, შვეიცარიელი ვინგერი წარმოუდგენელ პროგრესს აჩვენებს და მზად არის იტალიური გრანდის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა გახდეს.
"ბოლონიასა" და "მილანს" შორის გამართულ მატჩზე საუბრისას (1:0), კასანომ აღნიშნა, რომ თავდაპირველად მთავარი ყურადღება რაფაელ ლეაუზე იყო გამახვილებული, თუმცა რეალურად მატჩის გმირი ნდოიე გახდა. როგორც მან თქვა, დანიელი თავისი უნივერსალურობითა და თავდადებით ლეაუს აშკარად სჯობნის: "ნდოიე შეტევაშიც კარგია და დაცვაშიც აქტიურად მონაწილეობს. მან რაც არ უნდა გააკეთოს, ეს გუნდის სასარგებლოდაა."
კასანო გაკვირვებას გამოხატავს ფინანსური უთანასწორობის გამო – მისი აზრით, ლეაუ 8 მილიონ ევროს არ იმსახურებს, მაშინ როდესაც ნდოიე გაცილებით ნაკლებს – 1.5 მილიონს იღებს.
გასულ სეზონში დანიელ ნდოიემ "ბოლონიას" რიგებში 41 შეხვედრაში ითამაშა, 9 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასიც მიითვალა. კასანოს აზრით, მისი დამატება "ნაპოლის" მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანდა.