“ხუთშაბათს თურქეთში პირადად დაველოდები პუტინს, ხვალიდან კი ცეცხლის შეწყვეტას ველოდებით…” – ზელენსკი

21 hours ago 7

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინის წინადადებას რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკების დაწყების თაობაზე და განაცხადა, რომ ხუთშაბათს სტამბოლში მას პირადად დაელოდება:

“ხვალიდან ველოდებით ცეცხლის შეწყვეტას – სრულსა და მუდმივს, რათა შეიქმნას დიპლომატიისთვის საჭირო საფუძველი. მკვლელობების გაგრძელებას აზრი არ აქვს. ხუთშაბათს თურქეთში პირადად დაველოდები პუტინს. იმედი მაქვს, ამჯერად რუსები არ მოძებნიან მიზეზებს, თუ რატომ არ შეუძლიათ პროცესის გაგრძელება და ადგილზე მოსვლა”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

შეგახსენებთ, ამ განცხადებას წინ რუსი დიქტატორის განცხადება უზღოდა. მისი განცხადება და შემდგომი რეაქციები შეაფასეს ექსპერტებმა და პოლიტურმა კომენტატორებმა, მათ შორის, ქართველებმაც. 

მაგალითად, საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე კახა ლომაია წერს:

“როდესაც რამდენიმე დღის წინ, კრემლის დიქტატორი ცალმხრივ 3 დღიან ზავს აცხადებდა, მას ეგონა, რომ ამას ტრამპს მიყიდდა, როგორც მშვიდობისათვის მის მზაობას, რა თქმა უნდა, საკუთარი პირობებით. ეს იაფფასიანი ფანდი, რომელსაც ის აქამდე ნაყოფიერად იყენებდა, განსაკუთრებით ვაჭრუკანა უიტკოფთან ურთიერთობაში, უეცრად მას მძლავრ ბუმერანგად მოუბრუნდა.

დღეს კიევში ერთად (!) ჩავიდნენ გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის და საფრანგეთის ლიდერები, იქიდან დაურეკეს ტრამპს, და შემდეგ ყველამ ერთად მიმართეს პუტინს: “ორშაბათიდან უპირობოდ შეწყვიტე ცეცხლი!”. სტარმერმა სწორედ იმ ილეთზე გამოიჭირა პუტინი, რომლითაც მან უკრაინის ბეჭებზე დადება სცადა: “არავითარი “მაგრამ”, არავითარი “თუ” და არავითარი “პირობები”.

თუ აღლუმის ჩასატარებლად არ დაგჭირვებია პირობები, ახლა რატომ უნდა დაგჭირდეს? დათანხმდი ცეცხლის შეწყვეტას ორშაბათიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკადრის პასუხს მიიღებ!”.

ბუმერანგი შხუილ-შხუილით მიფრინავს კრემლის მიმართულებით”, – წერს კახა ლომაია. 

სრულად წაკითხვა