4
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია:
„ახალგაზრდობა და არა მხოლოდ ისინი, არამედ ბევრი ჩვენგანი, ებრძვის არა რწმენას, არა სარწმუნოებას, არა ჩვენს ეკლესიას, არა ჩვენს პატრიარქს ან ვინმეს პიროვნულად, არამედ ებრძვის სიყალბეს, თვალთმაქცობას, ქრისტეს სამოსის შებღალვას სასულიერო პირების მიერ.
მართლმადიდებელი ეკლესია იყო, არის და იქნება ჩვენი მამოძრავებელი ფილოსოფიის უმთავრესი საყრდენი, ჩვენი სარწმუნოება იყო, არის და იქნება ჩვენი ქცევის მთავარი პირობა, რადგან არ არსებობს ქრისტიანულ ფილოსოფიაზე უფრო გენიალური და არსებითი წყარო.
ჩვენ ჩვენს ფუნდამენტს არა თუ არ ვშლით, არამედ ვუფრთხილდებით და ვამყარებთ.
ჩვენთვის მიუღებელია ქრისტეს სახელით სარგებლის მიღება, თვალთმაქცობა, ძალაუფლებისადმი და მომხვეჭელობისადმი სწრაფვა ანუ ყველა სიყალბე, რითიც დღეს არაერთი სასულიერო პირი გამოირჩევა.
პირადად ჩემთვის, არ არსებობს იმაზე უფრო ჭეშმარიტი, ძვირფასი, ორგანული, არსებითი ფილოსოფია, ვიდრე ეს არის ქრისტიანული ფილოსოფია, რომელთანაც სამწიხაროდ, ბევრი არაფერი აკავშირებს ჩვენს სასულიერო იერარქიის დომინანტურ ნაწილს და მას დაქვემდებარებულ სამღვდელოებას.
ჩემთვის დასაბრუნებელია ქრისტე ჩვენს ეკლესიაში, რომელიც წარმართული ფილოსოფიით უფრო ხელმძღვანელობს, ვიდრე ქრისტეს შემდგომი.
ჩვენთვის დასაბრუნებელია ის სინამდვილე, ის გულწრფელობა და ბუნებრივობა, რაც ახასიათებს ჩვენს შინაგან მეს სამყაროს არსთან და რომელიც ჩემთვის გადის ქრისტეზე, განსხვავებით ჩვენი სასულიერო დასისა.
ქრისტეს სახელით სარგებლობა უნდა დასრულდეს და ქრისტეს მოძღვრებით ცხოვრება უნდა შევძლოთ, ესაა არსი, რაც დევს დღევანდელი პროტესტის ფუნდამენტში.
ჩვენი სინოდის არსებით ნაწილს არაფერი აქვს საერთო ქრისტესთან, მეტიც, ხშირ შემთხვევაში, მგონია, რომ სინოდის უმეტესი ნაწილი სულაც ურწმუნოა და უბრალოდ სარგებლობს ქრისტეს სამოსით, მოშვებული წვერითა და აკეცილი თმით.
დიახ, საქართველოს ეკლესია ქრისტესთანაა დასაბრუნებელი.“