ამით თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 14 აგვისტოს, სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის საქმეზე დაკავებულთა წინააღმდეგ ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას შეეხებოდა.
პროკურატურა დასაბუთებაში აღნიშნავდა, რომ არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.
მოსამართლეს მიმართა მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებულმა გიორგი მიქაძემ. მისი თქმით, ის თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა:
„ჩემი პოზიცია არის, რომ ცალსახად ვემიჯნები ამ საკითხს. არაფერი შეხება არ მაქვს ამ საქმესთან, ვარ ძალიან შეურაცხყოფილი. სანამ დამაკავებდნენ, მაფრთხილებდნენ, რომ დამაკავებდნენ, მაგრამ არ წავედი [ქვეყნიდან]“.
მხარეების მოსმენის შემდეგ ლელა მარიდაშვილმა დაკავებულების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. წინასასამართლო სხდომა 6 ოქტომბერს, 12:00 საათზე დაინიშნა.
როგორც რადიო თავისუფლების ჟურნალისტი სასამართლოდან იუწყება, სხდომის დასრულების შემდეგ, როცა დამსწრეებმა დარბაზის დატოვება დაიწყეს, ფოიეში იდგა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული კაცი, რომელიც მათ ვიდეოს უღებდა. ამაზე მოქალაქეებმა უკმაყოფილება გამოხატეს და ჰკითხეს: „თანამშრომელი ხარ?“ - გულისხმობდნენ იყო თუ არა სუსის თანამშრომელი. მალევე კაცი მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ხალხს გაარიდეს.
ვის რა როლი ჰქონდა ამ შეკვეთილ მკვლელობაში - პროკურატურის ვერსია
გამოძიების ვერსიით, „კანონიერი ქურდის“, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ლევან ჯანგველაძე, ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის შეკვეთით, გელა უძილაურმა მოკლა. გიორგი ჯოხაძემ იარაღი გიორგი კაჭკაჭიშვილთან ერთად იყიდა. მეხუთე ბრალდებული, დაკავებული მამუკა ბაღდავაძე გიორგი ჯოხაძის ნათესავია - სწორედ მას მიაკითხა უძილაურმა სამსახურში ჯანგველაძის მოკვლის შემდეგ.
ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით 17 მარტს დააკავეს გელა უძილაური.
რამდენიმე თვის შემდეგ, 12 აგვისტოს კი ცნობილი გახდა, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არიან გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. გარდა ამისა, ძებნა გამოცხადდა გიორგი ჯოხაძესა და დავით მიქაძეზე.
ვის რა მუხლით წაუყენეს ბრალი?
- ძმებ მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს ბრალი შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წაუყენეს - სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით მათ 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ;
- ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან გიორგი კაჭკაჭიშვილს - მას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება;
- გიორგი ჯოხაძის ნათესავ მამუკა ბაღდავაძეს ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის წაუყენეს - სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით. მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.