ჯანდაცვა და მედიკამენტები – რა არ იცის მოქალაქემ და რა არ იცის სახელმწიფომ? – კახა კახიშვილი

2 hours ago 3

ყოფილი პარლამენტარი, კახა კახიშვილი, სოციალურ ქსელში, წერილს აქვეყნებს, ჯონდი ბაღათურიასთან თანაავტორობით:

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საკმაოდ დეტალურად ვსწავლობდით მედიკამენტების ხელმისაწვდომობისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების სამედიცინო უზრუნველყოფის საკითხს.

ამ პერიოდში გავაანალიზეთ საქართველოში მოქმედი სახელმწიფო პროგრამები, სხვადასხვა კატეგორიის პაციენტების მდგომარეობა, ასევე თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და გერმანიის გამოცდილება.

ამ საკითხის შესწავლის შედეგად ერთ მნიშვნელოვან დასკვნამდე მივედით:

არასწორი იქნება იმის თქმა, თითქოს სახელმწიფო არაფერს აკეთებს.

საქართველოში არსებობს პროგრამები ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის, ფინანსდება ონკოლოგიური მკურნალობის მნიშვნელოვანი ნაწილი, მოქმედებს დიაბეტის მართვის პროგრამები და ეტაპობრივად ვითარდება სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებიც.

თუმცა კვლევის პროცესში სულ უფრო მეტად დავრწმუნდით, რომ დღეს მთავარი გამოწვევები მხოლოდ მედიკამენტების ფასი აღარ არის.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, მედიკამენტების ხარისხის მიმართ ნდობა, ბაზრის გამჭვირვალობა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრეპარატების უწყვეტი ხელმისაწვდომობა.

მოქალაქემ ხშირად არ იცის:

• ეკუთვნის თუ არა სახელმწიფო დაფინანსება;

• შედის თუ არა მისი მედიკამენტი პროგრამაში;

• რა დოკუმენტებია საჭირო;

• სად შეიძლება პრეპარატის მიღება;

• რა ნაწილს იხდის სახელმწიფო და რა ნაწილს — თავად;

• საერთოდ არის თუ არა ეს მედიკამენტი ხელმისაწვდომი.

დღეს ეს ინფორმაცია სხვადასხვა დოკუმენტში, სხვადასხვა ვებგვერდზე, სხვადასხვა დაწესებულებასა და სააფთიაქო ქსელშია გაფანტული.

ჩვენი აზრით, საქართველოს სჭირდება ჯანდაცვის სამინისტროს ერთიანი ციფრული პლატფორმა, სადაც მოქალაქე მედიკამენტის ან დიაგნოზის მითითებით ერთ სივრცეში მიიღებს სრულ ინფორმაციას.

ასევე მნიშვნელოვანია მედიკამენტების რეალური ხელმისაწვდომობა.

დღეს თითქმის ყველა მსხვილ აფთიაქს საკუთარი ვებგვერდი აქვს, თუმცა მოქალაქეს ხშირად მაინც უწევს სხვადასხვა წყაროს შორის გადაადგილება, რათა გაიგოს სად არის მისთვის საჭირო მედიკამენტი, რა ღირს ის, არსებობს თუ არა ანალოგი და ეკუთვნის თუ არა დაფინანსება.

ამიტომ საჭიროა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების ერთიანი საჯარო რეესტრის შექმნა, რომელიც რეალურ დროში აჩვენებს მათ ხელმისაწვდომობას.

არანაკლებ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მუდმივი მონიტორინგის სისტემა.

სახელმწიფომ უნდა იცოდეს:

• რომელი მედიკამენტებია ბაზარზე;

• რომელი იწყებს გაქრობას;

• ხომ არ ჩნდება დეფიციტის ნიშნები;

• როგორ იცვლება ფასები;

• როგორ ხორციელდება ხარისხის კონტროლი და ზედამხედველობა;

• რამდენად სტაბილურია მიწოდება.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების დეფიციტის შესახებ სახელმწიფომ მაშინ კი არ უნდა გაიგოს, როდესაც პაციენტი უკვე ვეღარ პოულობს საჭირო პრეპარატს, არამედ ბევრად ადრე.

განსაკუთრებული ყურადღება სწორედ იმ ჯგუფებს უნდა დაეთმოს, რომელთათვისაც მედიკამენტები ყოველდღიური აუცილებლობაა — პენსიონერებს, ბავშვებს, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს, დიაბეტით დაავადებულ და ონკოლოგიურ პაციენტებს. სწორედ ამ ადამიანებისთვის არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ ფინანსური ტვირთი მაქსიმალურად შემცირდეს და მკურნალობა ხელმისაწვდომი იყოს.

საერთაშორისო გამოცდილებაც საინტერესო სურათს გვაჩვენებს.

თურქეთში სახელმწიფო აქტიურად მონაწილეობს მედიკამენტების ფასების რეგულირებაში.

აზერბაიჯანში მოქმედებს მედიკამენტების მაქსიმალური საცალო ფასების სისტემა.

გერმანიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქრონიკული პაციენტის ფინანსური ტვირთის შემცირებას.

რა თქმა უნდა, საქართველოს არ სჭირდება რომელიმე ქვეყნის მოდელის პირდაპირი გადმოღება, თუმცა ეს გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ბაზრის გამჭვირვალობა, ხარისხის კონტროლი, დეფიციტის პრევენცია და პაციენტის ინტერესების დაცვა სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა.

საბოლოოდ, ჯანდაცვის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი საზომი უნდა გახდეს არა მხოლოდ ის, თუ რა ღირს კონკრეტული მედიკამენტი, არამედ ისიც, თუ რა ჯდება ადამიანისთვის დაავადებასთან ცხოვრება ერთი თვის განმავლობაში.

ჩვენი აზრით, ჯანდაცვის სისტემის განვითარების შემდეგი ეტაპი უნდა იყოს მეტი გამჭვირვალობა, მეტი ინფორმაცია, მეტი პროგნოზირებადობა, ხარისხისადმი მეტი ნდობა და მეტი არჩევანი პაციენტისთვის.

იმიტომ, რომ თანამედროვე სახელმწიფოში ადამიანმა დრო უნდა დახარჯოს მკურნალობაზე, ჯანმრთელობასა და ოჯახზე და არა იმაზე, თუ სად იპოვოს საჭირო მედიკამენტი, ეკუთვნის თუ არა მას დახმარება და რამდენად სანდოა მისთვის შეთავაზებული პრეპარატი.

სწორედ ეს არის ძლიერი, თანამედროვე და ადამიანზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი.

სრულად წაკითხვა