ქარელის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის ანგარიშში ზოგადი მაჩვენებლები შესაძლოა ეფექტურად გამოიყურებოდეს, მაგრამ ანალიტიკოების შეფასებით, რეალური მდგომარეობა ბევრად განსხვავებულია. ოფიციალურად, ბიუჯეტის საერთო შესრულება შეფასებულია 90%-ით, თუმცა დეტალებში სერიოზული ჩავარდნები აღმოჩნდა, რაც მიუთითებს მენეჯმენტში პრობლემებსა და გადაუდებელი ყურადღების საჭიროებაზე.
მაგალითად, ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მთავარი ბერკეტია, მხოლოდ 37%-ით შესრულდა. სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამების შესრულება 41%-ით იყო წარმოდგენილი, რაც მიუთითებს მომსახურების არასაკმარის ეფექტურობაზე და მოსახლეობის დაბალ მიმართვიანობაზე.
როგორც წესი, პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა მოსახლეობისთვის, თუმცა მისი მხოლოდ ნაწილი განხორციელდა, რაც განსაკუთრებით საყურადღებოა ადგილობრივი გაჭირვებული ოჯახების მდგომარეობის კონტექსტში.
ჯანდაცვის მიმართულება ერთ-ერთი პირველი და თვალსაჩინო მაგალითი უნდა იყოს მუნიციპალიტეტში, რომელიც ბიუჯეტის დაგეგმვასა და რეალურ საჭიროებებს თანხვედრაში მოაქცევდა. არსებული რეალობა კი სპეციალისტების თქმით, პირდაპირ არღვევს მოსახლეობისთვის აუცილებელი სერვისების მიწოდების პრინციპს.
რაც შეეხება ბიუჯეტის სხვა მუხლებს, მიუხედავად ინფრასტრუქტურის საერთო შესრულების 85%-ისა, ცალკეულ მიმართულებებში თანხების ათვისების კუთხით, არასახაბიელო ვითარებაა:
- გარე განათება: 48% შესრულება
- სამშენებლო და საინჟინრო ინფრასტრუქტურა: 60% შესრულება
- საგზაო მეურნეობა: 60.5% შესრულება
- კომუნალური მეურნეობა: 65% შესრულება
როგორც სიღრმისეული ანალიზის დროს გამოიკვეთა, დეტალებში ჩანს ტენდერების ჩაშლა, სამუშაოების შეჩერება და დაგეგმილი აქტივობების გაუქმება, რაც მენეჯმენტის სერიოზულ პრობლემაზე მიუთითებს.
შედარებით უკეთესი ვითარებაა განათლების პროგრამის შესრულებაზე, რომლის საერთო მაჩვენებელი 97%-ია, თუმცა სპეციფიკურ მიმართულებებში პრობლემები მაინც იკვეთება:
- სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების მხარდაჭერა: 27% (პროგრამის შესრულების მაჩვენებელი)
- ახალგაზრდების საგანმანათლებლო მხარდაჭერა: 38%
- სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები: 38%
აქაც ჩანს, რომ პროგრამები ცალმხრივად განხორციელდა, არ არის საკმარისი მონიტორინგი და შესაბამისი კონტროლი.
ბიუჯეტის საერთო შესრულება მუნიციპალიტეტს 90%-ით აქვს შეფასებული, თუმცა რეალური მაჩვენებელი ბევრად დაბალია:
- საერთო შემოსულობები: 65%
- საერთო ხარჯები: 50%
ზოგადი მაღალი პროცენტი მოიცავს ნაშთებს და ვალდებულებებს, თუმცა რეალურად ამ ფონზე მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი სერვისები ვერ შეასრულა.
- გადაჭარბებული შემოსულობები: ადგილობრივი მოსაკრებლები (152%), სარგებლობის მოსაკრებლები (131%), საჯარიმო სანქციები (123%) – ეს აჩვენებს, რომ გარკვეულ სფეროებში მუნიციპალიტეტი კარგად ახერხებს შემოსავლების მოზიდვას, მაგრამ სერვისების მიწოდების მხრივ მნიშვნელოვანი ჩავარდნებია.
საერთო დადებითი მიმართულებები:
- ეკონომიკური განვითარება: 100%
- სოციალური უზრუნველყოფა: 98%
- ადმინისტრაციული ხარჯები: 87%
მოძიებული მონაცემები მიუთითებს, რომ ზოგიერთ სფეროში მენეჯმენტს ეფექტური მართვის უნარი აქვს, მაგრამ მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სერვისები – ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა და განათლება – უფრო ეფექტურ მიდგომებს საჭიროებს.
- გამოკვეთილი პრობლემები მიუთითებს მენეჯმენტის სისუსტეზე, არასაკმარის კონტროლსა და პრიორიტეტებსა და რეალობას შორის განსხვავებაზე.
- აუცილებელია, მუნიციპალიტეტმა გააძლიეროს მონიტორინგი ტენდერების მართვასა და კრიტიკული სერვისების მიწოდების ეფექტურობაზე, რათა რეალური შედეგები დაგეგმილ მიზნებს შეესაბამებოდეს.