ჯარიმა ან პატიმრობა – შსს მოქალაქეს FB-ზე მეგობრის შეურაცხყოფას ედავება

4 hours ago 3

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეს მეგობრის შეურაცხყოფას ედავება.

საქმე უკვე სასამართლოშია. მოსამართლე თამარ ენუქიძემ უნდა განიხილოს მიაყენა თუ არა ფეისბუკზე შეურაცხყოფა გიორგი მელთაურმა მის მეგობარს, ფოტოგრაფ ლევან ზაზაძეს.

შეურაცხყოფის ფაქტს უარყოფს როგორც მელითაური, ისე ზაზაძე. თუმცა, თუ მოსამართლე ენუქიძე შსს-ს ოქმს კანონიერად ცნობს, მელითაური, შესაძლოა დააჯარიმონ  500 ლარიდან 3 000 ლარამდე, ან დააპატიმრონ 20 დღემდე ვადით.

გიორგი მელითაურის წინააღმდეგ, სავარაუდო სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა სოციალური ქსელებში გამოხატვის თავისუფლების მაკონტროლებელმა სამმართველომ, რომელიც უკვე 3 კვირაა, რაც შსს-ის ბაზაზე ფუნქციონირებს. მას ოფიციალურად სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო ჰქვია, თუმცა ოპონენტების “სქროლვა-სქრინვის” სააგენტოს ეძახიან. ეს იმიტომ, რომ როგორც თავად სამმართველოს ხელმძღვანელმა, თამთა ქიმბარიშვიმა განმარტა, “სამმართველოს ფუნქციაა სოციალურ ქსელსა თუ მედიაში საჯაროდ გავრცელებული, შეურაცხმყოფელი, ადამიანის ღირსების შემლახველი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა”. მარტივად რომ ვთქვათ, სოციალური ქსელების სქროლვა [დათვალიერება], კომენტარებისა და პოსტების დასქრინვა [ეკრანზე არსებული გამოსახულების ფოტოდ ქცევა] და მერე, ამის საფუძველზე, სამართალდარღვევის ოქმის შედგენა. ამ სამუშაოს შესრულებისთვის სამმართველოში 10 ადამიანი დაასაქმეს.

რის საფუძველზე შეუდგინეს ოქმი გიორგი მელთაურს?

დაახლოებით 2 კვირის წინ, 6 ივნისს, ტრადიციული შაბათის მარშის დაწყებამდე, ფილარმონიასთან თავს დაესხნენ ფოტოგრაფ ლევან ზაზაძეს და აქტივისტ თამარ გიორგაძეს. ამ ამბის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა “მთავარის” ფეისბუქ-გვერდზე. შინაგან საქმეთა სამინისტრო მელითაურს ედავება, რომ სწორედ “მთავარის” პოსტის ქვეშ დაწერა კომენტარი, რომლითაც შეურაცხყოფა მიაყენა ლევან ზაზაძეს. ოქმს თან ერთვის სოციალური ქსელებში გამოხატვის თავისუფლების მაკონტროლებელმა სამმართველოს დასქრინული ფოტო.

ფრაგმენტი “მთავარის” პოსტიდან და კომენტარი, რომლის დაწერასაც გიორგი მელითაურს ედავებიან

მეგობრობის კონტექსტიდან გამომდინარე და ისედაც ნათელია, რომ სქრინშოტში მოცემული კომენტარი არა ზაზაძეს, ან რომელიმე სხვა კონკრეტულ პიროვნებას, არამედ აბსტრაქტულად, პროვოკატორებს მიემართებათ, რომლებიც ზოგადად მშვიდობიანი აქციის მონაწილეებთან დაპირისპირებას და მათ პროვოცირებას ცდილობენ ხოლმე, თუმცა შსს-მ ჩათვალა, რომ კომენტარის ავტორი იმას აგინებს, ვისაც თავს დაესხნენ. ამასთანავე, არ არის დადგენილი და ფაქტი, რომ ეს კომენტარი ნამდვილად იმ მოქალაქე გიორგი მელითაურმა დაწერა, რომელსაც ოქმი შეუდგინეს.

სასამართლო სხდომა დღეს, 22 ივნისის 14:00 საათზე იყო ჩანიშნული. თუმცა, სხდომაზე არ გამოცხადდა ოქმის შემდგენი ორგანოს წარმომადგენელი. ამიტომ, განხილვა 30 ივნისის 15:00 საათამდე გადაიდო.

“მედავებიან, რომ თითქოს ლევანს რაღაც შეურაცხყოფა მივაყენე. არადა, ლევანი მეგობარია ჩემი […] წელიწადზე მეტია ერთად ვდგავართ [აქციაზე]”, – უთხრა ნეტგაზეთს გიორგი მელითაურმა.

ჩვენ დავუკავშირდით მელითაურის მეგობარს, ლევან ზაზაძესაც. თუ მოსამართლე ენუქიძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, მას დაკითხავენ როგორც მოწმეს. თუმცა იქამდე ჩვენ ვკითხეთ, რას ფიქრობს მეგობრისთვის შედგენილი ოქმზე, რომელსაც მის შეურაცხყოფას ედავებიან.

“ამ სამმართველომ, რასაც ჩვენ სქროლვა-სქრინის სამმართველოს ვეძახით, ქიმბარიშვილის მეთაურობით, გადაწყვიტა, რომ ჩემი ნაცნობი და მეგობარი სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებს მე. ძალიან დიდი აბსურდია ჯერ ზოგადად ადამიანებს სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარების გამო რომ ასამართლებენ, ჯარიმებს აკისრებენ და არ არის გამორიცხული, საერთოდ პატიმრობაში გაუშვან. მაგრამ, მეორე საკითხია და ყველაზე აბსურდული ის არის, რომ ჩემს ნაცნობს საქმე აღუძრეს, ჩემი შეურაცხყოფის საფუძვლით. ანუ, ვიღაცებმა გადაწყვიტეს რომ ჩემი ღირსება დაიცვან ჩემი ნაცნობ-მეგობრისგან და გადასცეს საქმე სასამართლოს. ეს არის აბსურდი”, – ამბობს ლევან ზაზაძე.

ჩვენ დავინტერესდით, რა პოზიცია ექნებოდა მას იმ შემთხვევაში, თუ მას ვინმე დადასტურებულად მიაყენებდა შეურაცხყოფას სოციალურ ქსელში. ზაზაძე ამბობს, რომ სოციალურ ქსელში კომენტარის დაწერის გამო არც საკუთარი ინიციატივით დაიწყებდა სამართლებრივ დავას და კიდევ უფრო მიუღებელია მისთვის, თუ ამას სხვა, ამ შემთხვევაში “სქრონვა-სქრინვის სამმართველოს” თანამშრომლები გააკეთებენ.

“ჩემი ინიციატივის გარეშე, ვინმეს მიმართ რომ დაიწყოს საქმის წარმოება, მიიყვანონ სასამართლოში და გაასამართლონ, ეს მე სრულიად აბსურდი მგონია. ვიღაც ადამიანები სხედან, სოციალურ ქსელში ეძებენ კომენტარებს, რომ ჩემ ნაცვლად სასამართლოს მიმართონ, ვითომ ვიღაცამ ჩემი ღირსება შეურაცხყო, უნდა დაიწყონ საქმის წარმოება და ადამიანი დასაჯონ. ეს ჩემთვის მიუღებელია, მეტიც, გიორგი მელითაური რომ არ ყოფილიყო და მართლა დაეწერა ვიღაცას კომენტარი ჩემზე, მაინც არ შევიტანდი განცხადებას მე სასამართლოში და არ დავიწყებდი დავას. ეს არის ჩემი პოზიცია.

ყველაზე ცინიკური ამ საქმეში ის არის, რომ რაზეც იყო პოსტი, რაც მოხდა, არის სისხლის სამართლის დანაშაული და ამაზე არც მე და არც თამარ გიორგაძე ჯერ დაკითხულებიც არა ვართ. იმ ინციდენტის მერე, შინაგან საქმეთა სამინისტროდან არავინ დაგვკავშირებია – უკვე ორი კვირაზე მეტი გავიდა. სამაგიეროდ, გიორგი მელითაურს მალევე შეატყობინეს, ოქმია თქვენს სახელზე შედგენილი კომენტარის გამოო და დაიწყეს ადმინისტრაციული წარმოება

ანუ, სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ბევრად მძიმე დანაშაულია, თაროზე არის შემოდებული, არ ვიცით რა ხდება, ის პიროვნება [თავდამსხმელი] სავარაუდოდ, თავისუფლად გადაადგილდება, მაგრამ ასეთი აბსტრაქტული საფუძვლით ასამართლებენ გიორგი მელითაურს. ეს არის ძალიან დიდი აბსურდი”, – განაცხადა ლევან ზაზაძემ.

18 მაისს, მამუკა მდინარაძე, საჯარო კომუნიკაციის “სისტემური მონიტორინგის” სამმართველოს შექმნა დააანონსა. ორი კვირაში ფუნქციონირება დაიწყო სამმართველომ, რომლის ხელმძღვანელადაც თამთა ქიმბარიშვილი დანიშნეს. შსს-ის სტატისტიკით, მუშაობის დაწყებიდან ორი კვირაში სამმართველომ სასამართლოს 60-მდე საქმე წარუდგინა. 15 ივნისის მდგომარეობით, 60-მდე საქმიდან სასამართლო განხილვა დასრულებული იყო 7 საქმეზე.

თამთა ქიმბარიშვილი საზოგადოებამ პროევროპული აქციების მონაწილე მოქალაქეების წინააღმდეგ მიმდინარე ადმინისტრაციული საქმეებიდან გაიცნო. ის შსს-ს წარმოადგენდა ისეთ საქმეებში, როცა აქციაზე დაკავებულ და სამართალდამცველების მიერ ნაცემ მოქალაქეებს უწყება ედავებოდა პოლიციელების დაუმორჩილებლობას, ან წვრილმან ხულიგნობას ; ან, როცა მოქალაქეებს ედავებოდნენ შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევის საბაბით, მაგალითად, პირბადის ტარებას, ფეიერვერკის გაშვების, გზის გადაკეტვას, ან ტროტუარზე დგომას.

თამთა ქიმბარიშვილმა ჯერ კიდევ სოციალური ქსელების მონიტორინგის სამმართველოს უფროსად დანიშვნამდე მოითხოვა ლაშა ჩხარტიშვილის დაკავება სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო. მაშინ ქიმბარიშვილი შსს-ს იურისტი იყო და უწყებას წარმოადგენდა მოქალაქეთა წინააღმდეგ ადმინისტრაციულ საქმეებში. 26 თებერვალს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ქიმბარიშვილის მოთხოვნა დააკმაყოფილა და  ლაშა ჩხარტიშვილს ფეისბუქზე, ნეტგაზეთის რეპორტაჟის ქვეშ დაწერილი კომენტარის გამო 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

სრულად წაკითხვა