ჯარიმების ფასები იზრდება - დარღვევები, რაც შეიძლება 20 ათასი ლარი გახდეს

2 hours ago 1

“ბიზნეს პრესს ნიუსი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჯარიმების ფასი 3-4 ჯერ იზრდება:

“ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს. აღსანიშნავია, რომ ცვლილებათა პაკეტს საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს.

კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები რიგი დარღვევებისთვის აწესებს ან ზრდის ფულად ჯარიმასა და ადმინისტრაციული პატიმრობის ვადებს.

ჯარიმებისა და ადმინისტრაციული პატიმრობის ზრდა გათვალისწინებულია ისეთი დარღვევებისთვის, როგორიც არის საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფა, სამართალდამცველებისთვის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ვანდალიზმი, შეკრებისა და მანიფესტაციის წესების დარღვევა და ა.შ. რიგ შემთხვევაში ჯარიმის მოცულობა 4-ჯერაც კი იზრდება.

დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება და სხვა მსგავსი ქმედებებისთვის ჯარიმა 3-ჯერ იზრდება. კერძოდ, დარღვევისთვის მოქალაქე 500 ლარიდან 3000 ლარამდე თანხის ოდენობით დაჯარიმდება ან 20 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას მოიხდის.

იქამდე ამ დარღვევისთვის ჯარიმა 500-1000 ლარის, პატიმრობა კი 15 ვადის ფარგლებში იყო გათვალისწინებული. თუ იგივე დარღვევას ჩაიდენს ადმინისტრაციულ სახდელგადავადებული პირი, ის 3000-5000 ლარამდე თანხის ოდენობით დაჯარიმდება ან მაქსიმუმ 60 დღით ადმინისტრაციულ პატიმრობას მოიხდის.

ამ შემთხვევაში ჯარიმები წინა რედაქციისგან განსხვავებით მაქსიმუმ 2.5-ჯერ არის გაზრდილი. ცნობისთვის, კანონის მოქმედი რედაქციით ეს დარღვევა 1500-2000 ლარით დაჯარიმებას ან 15 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებდა.

სახდელგადავადებული პირებისთვის მკაცრდება ვანდალიზმისთვის გათვალისწინებული ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა. კერძოდ, მართალია, ფულადი ჯარიმა უცვლელად 2000 ლარი რჩება, თუმცა, ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 5-დან 60-დღემდე იზრდება.

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და შეურაცხყოფისთვის ჯარიმა 2000-5000 ლარამდე იზრდება (ნაცვლად 2000-3000 ლარისა) ადმინისტრაციული პატიმრობა კი მაქსიმუმ 60 დღით განისაზღვრება (ნაცვლად 15 დღისა).

ხოლო იგივე დარღვევა ჩადენილი სახდელგადავადებული პირის მიერ გამოიწვევს 3500-6000 ლარის ოდენობით ჯარიმას (ნაცვლად 3500-4500 ლარისა) და მაქსიმუმ 60 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას.

ამასთან, კანონს ემატება ერთი მუხლი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფა და ლანძღვა-გინება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან დაკავშირებული სამსახურთან, 1500-4500 ლარამდე ჯარიმას ან 60 დღემდე პატიმრობას გამოიწვევს.

ხოლო თუ პირს იქამდეც ჰქონდა სხვა ტიპის დანაშაული ჩადენილი, 2500-6000 ლარამდე დაჯარიმდება, ან 60 დღემდე ვადით საპატიმრო სასჯელს მოიხდის.

ჯარიმები იზრდება შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევებთან მიმართებაშიც. მაგალითად, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევისთვის ჯარიმები 4-ჯერ იზრდება და 500 ლარის ნაცვლად 2000 ლარი იქნება.

განმეორებითი დარღვევა ორგანიზატორის 5000-ლარიან დაჯარიმებას გამოიწვევს, ეს ჯარიმა უცვლელი რჩება. ამ დარღვევისთვის 6000 ლარიანი ჯარიმა ან 60-დღიანი პატიმრობა დგინდება სახდელგადავადებული პირებისთვის. ამასთან, სასამართლოს შენობის ბლოკირებისთვის ჯარიმა 5000 ლარი ან 60 დღიანი პატიმრობა იქნება.

კანონპროექტის თანახმად, აკრძალულია შეკრება და მანიფესტაცია პროკურატურის, პენიტენციური დაწესებულების, სასამართლო ორგანოების, პოლიციის შენობების წინ, ასევე, რკინიგზის, პორტის, აეროპორტის, სამხედრო ობიექტების წინ.

აკრძალულია შენობის შესასვლელის, ავტომაგისტრალის, რკინიგზის ბლოკირება. ამ დარღვევებისთვის ჯარიმა 5000 -15000 ლარით განისაზღვრება. განმეორების შემთხვევაში ჯარიმა სახდელგადავადებული პირისთვის 5000-დან 10000 ლარი იქნება (ან 20-დღემდე პატიმრობა), ხოლო თუ ეს პირი აქციის ორგანიზატორია, ჯარიმა 15000 – 20000 ლარის ფარგლებში განისაზღვრება (ან 60 დღემდე პატიმრობა)” - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად წაკითხვა