ჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ ისევ დააპატიმრონ

1 hour ago 1

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რომელმაც ციხე 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ, დღეს დატოვა, არ გამორიცხავს, რომ მის წინააღმდეგ აღძრული ახალი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ისევ დააპატიმრონ. ამის შესახებ მან ციხის დატოვების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

„გზავნილი არის, მარტო ჩემზე არა – ელენე ხოშტარიაზეც, გიორგი ვაშაძეზეც და ნიკა გვარამიაზეც – ღია ტექსტით გვეუბნებიან, რომ ცოტა ხანში გამოგიშვებთ, რომ შეიგრძნოთ, რა არის თავისუფლება და მერე გადაწყვიტეთ, ან უნდა გაჩუმდეთ ან ქვეყნიდან უნდა წახვიდეთო. არავინ არის ამის გამკეთებელი. არც მე ვაპირებ და არც არავინ არ დააპირებს, რადგან მე ვიცნობ ამ ადამიანებს…

მერე რას იზამენ, არ ვიცი, მე არ მგონია, რომ უკვე გადაწყვეტილი ჰქონდეთ, ჩაგვსვამენ თუ არა 7 ან 15 წლით. მაგრამ რატომაც ეს საკითხი არის ჩამოკიდებული, უნდათ მუდმივად ამ განცდის ქვეშ იყო, რომ ცოტა დრო გაქვს და ნებისმიერ დროს შეიძლება ჩაგსვან ციხეში. ამიტომ ჩემი ამოცანა რაც არის, შეიძლება ცოტა დრო გქონდეს, მაგრამ სანამ გარეთ ვართ, ეს ცოტა დრო ეფექტურად გამოვიყენოთ“, – აღნიშნა მან.

ზურა ჯაფარიძის გათავისუფლებას ახლობლები დღეს დილის 10:00 საათისთვის ელოდნენ და მის დასახვედრად რუსთავის ციხესთან მისვლას გეგმავდნენ, თუმცა ჯაფარიძე გაცილებით ადრე – დაახლოებით დილის 8:00 საათზე გამოუშვეს.

ცნობისთვის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე მიმდინარე წლის 22 მაისს, სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. ის საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად იყო დაბარებული, სადაც არ გამოცხადდა. ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.

სრულად წაკითხვა