WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

რუსეთში პანკ-ჯგუფ Pussy Riot-ის ყოფილი წევრი, რიტა ფლორესი ამბობს, რომ სამ წელზე მეტი დროის წინ იგი "ეფესბემ" გადაიბირა და სპეცსამსახურს მხატვრებზე და პოლიტიკურ აქტივისტებზე აწვდიდა ინფორმაციას. მისი თქმით, 2025 წელს მას დაავალეს დახმარება გაეწია "მედოაზონის" ყოფილი გამომცემლისა და Pussy Riot-ის წევრის, უკრაინის შეიარაღებული ძალების მეომრის, პეტრ ვერზილოვის მკვლელობის დაგეგმვაში. ეს ინფორმაცია ფლორესმა მიაწოდა ადვოკატ დმიტრი ზახვატოვს, იუთუბის არხზე Port-ი.

ფლორესის თქმით, ზახვატოვის დახმარებით მან რამდენიმე დღის წინ შეძლო რუსეთის ტერიტორიის დატოვება და ახლა უკვე შეუძლია საჯაროდ ილაპარაკოს თავის გამოცდილებაზე. ინტერვიუს დეტალურად ბეჭდავს გამოცემა The Insider-ი. გამოცემასთან ლაპარაკში ზახვატოვი ამბობს, რომ ფლორესის ქვეყნიდან გაყვანისთვის მზადება დაახლოებით წელიწადის განმავლობაში გრძელდებოდა.

რიტა ფლორესის (იგივე მარგარიტა კონოვალოვა) თქმით, 2023 წლის თებერვალში "ეფესბეს" წარმომადგენლებმა იგი აიძულს მათთან ეთანამშრომლა, სისხლის სამართლებრივი დევნის, მასზე და მის ახლობლებზე თავდასხმების მუქარით.

2023 წლის თებერვალში გავრცელდა ცნობა ფლორესის "გაქრობაზე", მას შემდეგ, რაც მოსკოვში მის ბინაში ჩხრეკა ჩატარდა. მოგვიანებით იგი კავშირზე გამოვიდა. ფლორესის თქმით, იმ დღეს მან თავის ბინაში რამდენიმე საათი დაჰყო "ეფესბეს" ორ წარმომადგენელთან ერთად, რომლებმაც იგი თანამშრომლობაზე დაიყოლიეს და შესაბამის ქაღალდებზე მოაწერინეს ხელი. აქტივისტის თქმით, მას ემუქრებოდნენ სისხლის სამართლებრივი დევნით არმიის შესახებ ე.წ. "ფეიკ" ინფორმაციის გავრცელების მუხლით, ასევე ფიზიკური ძალადობით თავად მასზე და დედამისზე.

გავრცელებული ცნობით, მას მიანიჭეს ზედმეტსახელი "ჰარლი" და დაუნიშნეს კურატორი, ასევე უხდიდნენ ფულს - თვეში 30-დან 50 ათას რუბლამდე ოდენობით. ფლორესს დაავალეს მონაცემების შეგროვება მის გარემოცვაში მყოფ პირებზე. ფლორესი ამბობს, რომ სამუშაოს საბოტაჟი სცადა, რათა ნაცნობებისთვის შეძლებისდაგვარად აეცილებინა დევნის საფრთხე. იმ პირებს შორის, რომლებზე ინფორმაციის მოძიებასაც მას სთხოვდნენ, ფლორესი ასახელებს, მაგალითად, ქუჩის მხატვარს, ფილიპ კოზლოვს და აქციებით ცნობილ ხელოვანს, პაველ კრისევიჩს. მოგვიანებით ორივე მათგანმა რუსეთი დატოვა.

ფლორესის თქმით, 2025 წლის ზაფხულში "ეფესბეს" მუშაკებმა მას შესთავაზეს მონაწილეობა ვერზილოვის მოტაცებასა და მკვლელობაში. ფლორესს მანამდე პარტნიორული ურთიერთობა ჰქონდა ვერზილოვთან. როგორც ამბობენ, ფლორესი ვერზილოვს სერბეთში უნდა შეხვედროდა და მის კვალზე მკვლელები, ან მომტაცებლები უნდა გაეყვანა. აქტივისტი ამბობს, რომ ამ დავალების მიღების შემდეგ მან რუსეთიდან გაქცევა გადაწყვიტა. იგი არ აზუსტებს რა გზით მოახერხა ქვეყნის დატოვება.

ფლორესის თქმით, "ეფესბესთან" თანამშრომლობის თავის ამბავს იგი საჯაროდ ყვება ანალოგიურ სიტუაციაში აღმოჩენილი ადამიანების დახმარების სურვილის გამო.