რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მოუწოდებს, რომ თბილისში ვიზიტით არ ჩავიდეს, რამდენადაც ივანიშვილის რეჟიმი, როგორც არალეგიტიმური მთავრობა, ამას საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენებს.
ამის შესახებ „მეგობარი აქტის“ ავტორი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე X-ზე წერს.
„მოვუწოდე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას, ასეთ დროს თბილისში არ ჩავიდეს. ივანიშვილის რეჟიმი მის ვიზიტს გამოიყენებს მხოლოდ როგორც საშუალებას, საკუთარი ავტორიტარული მმართველობის ლეგიტიმაციისთვის. აშშ-ს გადასახადის გადამხდელთა ფული არ უნდა იქნას გამოყენებული არალეგიტიმური მთავრობის აღიარებისთვის“, — წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი.
კონგრესმენი პოსტს თან ურთავს წერილს, რომელიც მან პია კაუმას გაუგზავნა, სადაც ასაბუთებს, რატომ არ თვლის მიზანშეწონილად თბილისში მის ვიზიტს.
„ქართულმა ოცნებამ გააყალბა არჩევნები და ძირს უთხრის ქართველი ხალხის მისწრაფებას დასავლეთთან, მათ შორის, ნატოსთან და ევროკავშირთან დასაახლოებლად. ამ საარჩევნო თაღლითობით, „ქართულმა ოცნებამ“ დათმო დემოკრატიულობა და ლეგიტიმურობა. […] აქამდეც ვნახეთ, როგორ ყალბად გამოიყენა პარტიამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის წერილი არჩევნებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესახებ, რომ თითქოს, ეუთო აღიარებდა არჩევნების შედეგებს. მიუხედავად თქვენი კეთილშობილური მიზნებისა, ვშიშობ, რომ „ქართული ოცნება“ აუცილებლად არასწორად წარმოაჩენს თქვენს ჩართულობას, როგორც საერთაშორისო აღიარების დასტურს“, — წერია კონგრესმენის მიერ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისადმი მიწერილ წერილში.
აშშ-ს ახალი მოწვევის კონგრესის პირველივე სამუშაო დღეს, საქართველოსთან დაკავშირებით, ჰელსინკის კომისიის ლიდერთა ორპარტიულმა ჯგუფმა ორი აქტი წარადგინა: „მეგობარი აქტი”, რომელიც ხელახლა წარადგინეს და „ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“.
უილსონმა ასევე მოუწოდა დონალდ ტრამპს, რომ აშშ-მა ივანიშვილის ოჯახის წევრები დაასანქციროს.
კაუმას ვიზიტი თბილისში 8-10 იანვარს იგეგმება.