აშშ უკრაინას მიაწვდის იარაღის კიდევ ერთ პარტიას, მათ შორის საჰაერო თავდაცვისთვის - იუწყება თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი, ჯონ კირბი.
"მომავალ დღეებში იხილავთ აშშ-ის სამხედრო დახმარების კიდევ ერთ პაკეტს, რომელიც პრეზიდენტმა დაამტკიცა. და ის, ცხადია, მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემებს უკრაინისთვის" - თქვა კირბიმ. მას არ დაუკონკრეტებია როდის აპირებს აშშ გამოაცხადოს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, ან რა ტიპის იარაღი იქნება მასში გათვალისწინებული.
უკრაინა 27 დეკემბერს იუწყებოდა, რომ ვაშინგტონისგან დამატებით მიიღო 465 მილიონი დოლარი, ხოლო მსოფლიო ბანკისგან - 20 მილიონი დოლარი, სახელმწიფო ბიუჯეტში სოციალური და ჰუმანიტარული ხარჯების მხარდასაჭერად.
სააგენტო როიტერსი 20 დეკემბერს წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ ახლო მომავალში გეგმავს უკრაინას გამოუყოს ერთ მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარება. პაკეტში, სააგენტოს ცნობით, შევა საჰაერო თავდაცვის რაკეტები და საარტილერიო ჭურვები.
სახელმწიფო დეპარტამენტი მანამდე აცხადებდა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აპირებს 20 იანვრამდე - პრეზიდენტად დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე - გამოყენოს ყველა საშუალება, რომელიც კიევის დასახმარებლადაა გამოყოფილი.