ჯორჯიის სკოლაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ეჭვმიტანილის მამაც დააკავეს

1 month ago 36

5 სექტემბერს, ჯორჯიის შტატის ხელისუფლებამ შტატის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარ სროლაში 14 წლის ეჭვმიტანილის მამა დააკავა. ცეცხლსასროლი იარაღით ერთი დღით ადრე მომხდარი სროლის შედეგად, სკოლაში ოთხი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაიჭრა.

მიმდინარე გამოძიების მიხედვით, არსებობს ეჭვი, რომ მამამ თავის ვაჟს მკვლელობის იარაღზე წვდომის უფლება შეგნებულად მისცა. ჯორჯიის შტატის გამოძიების ბიურომ განაცხადა, რომ 54 წლის კოლინ გრეის ბრალი წარუდგინეს უნებლიე მკვლელობის ოთხ ეპიზოდში, მეორე ხარისხის მკვლელობის ორ ეპიზოდში და ბავშვების მიმართ სისასტიკის რვა ეპიზოდში.

14 წლის ეჭვმიტანილ კოლტ გრეის ბრალი სასტიკი მკვლელობის ოთხ ეპიზოდში ედება და შესაძლოა გასამართლდეს როგორც სრულწლოვანი. მას ბრალდებას ჯორჯიის შტატის ბაროუს საგრაფოს სასამართლოში ვიდეო ხიდის მეშვეობით წარუდგენენ.

გამომძიებლებმა თქვეს, რომ ეჭვმიტანილმა თავდასხმისთვის AR ტიპის ნახევრად ავტომატური შაშხანა გამოიყენა, როდესაც სკოლის ორი მასწავლებელი და ორი 14 წლის მოსწავლე მოკლა.

ჯერჯერობით ნათელი არ არის, თუ როგორ მოხვდა იარაღი მის ხელში. გამომძიებლებს კომენტარი არც თავდასხმის მოტივებზე გაუკეთებიათ.

ეჭვმიტანილის მამის წინააღმდეგ ბრალის წაყენება შესაძლოა ახალი სტრატეგია იყოს იმისთვის, რომ ამერიკის სასწავლებლებში სროლის ეპიდემიის შეჩერება სცადონ.

აპრილში, მიჩიგანელი მოზარდის მამას და დედას 10-დან 15 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს მას შემდეგ, რაც ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ ისინი დამნაშავედ ცნო უნებლიე მკვლელობაში, როდესაც მათ ვაჟმა ოთხი თანაკლასელი მოკლა. მიიჩნევა, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც შვილების ქმედებაზე მშობლებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა.

სრულად წაკითხვა