ჯორჯიის სკოლაში სროლას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 9 დაშავებულია

1 month ago 39

ამერიკული მედია იტყობინება, რომ ჯორჯიის შტატის ერთ-ერთ სკოლაში, სადაც დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები სწავლობენ, დღეს, 4 სექტემბერს სროლა მოხდა, რის შედეგადაც მოკლულია სულ მცირე 4 და დაშავებულია - 9 ადამიანი. ბაროუს ოლქის შერიფის ოფისმა განაცხადა, რომ დაკავებულია ერთი პირი.

შერიფ ჯუდ სმითს მსხვერპლზე არ უსაუბრია, თუმცა ახსენა რამდენიმე დაშავებული. სკოლის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მოსწავლეები უკვე შინ გაუშვეს.

მოგვიანებით, ჯორჯიის შტატის გამოძიების ბიურომ დაადასტურა, რომ სროლას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 9 კი დაშავებულია. ეჭვმიტანილი ცოცხალია და ის დაკავებულია.

თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტი მომხდარის შესახებ ინფორმირებულია და ადმინისტრაცია განაგრძობს სხვადასხვა დონის უწყებებთან კოორდინაციას.

"ჯილი და მე ვგლოვობთ მათ სიკვდილს, ვისი სიცოცხლეც ხანმოკლე აღმოჩნდა ცეცხლსასროლი იარაღით [ჩადენილი] უაზრო ძალადობის გამო და ვფიქრობთ ყველა იმ გადარჩენილზე, ვისი სიცოცხლეც ამან სამუდამოდ შეცვალა", - ამბობს პრეზიდენტი ბაიდენი განცხადებაში და დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების წარმომადგენლებს მოუწოდებს, დაამტკიცონ "იარაღის უსაფრთხოების გონივრული კანონმდებლობა".

ტელეკომპანია "ABC News"-ის ეთერში გასული მასალის თანახმად, სტუდენტები ყვებიან, რომ ცეცხლსასროლი იარაღის ხმა გაიგონეს და მასწავლებლებმა უთხრეს, რომ სკოლაში შეიარაღებული პირი იყო შეჭრილი. "კარი ჩავკეტეთ და ვიღაც კარის გაღებას ცდილობდა. გვიყვიროდა, რომ გაგვეღო, შემდეგ კი კაკუნი შეწყდა", - ყვება 17 წლის მოსწავლე სერჰიო კალდერა ტელეკომპანიასთან საუბრისას. მოსწავლე იხსენებს, რომ ამის შემდეგ სროლა და ყვირილი ესმოდა, შემდეგ კი მათი ევაკუირება სკოლის საფეხბურთო მოედანზე მოხდა.

ტელეკომპანია CNN ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ეჭვმიტანილი შესაძლოა 14 წლის თინეიჯერი იყოს. CNN-ის მიერ პოლიციელებზე დაყრდნობით გავრცელებული დაუდასტურებელი ცნობებით, დაშავებულებს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით არ აქვთ მიყენებული, ისინი გაქცევის მცდელობისას დაშავდნენ.

ადგილობრივ სამართალდამცავებს გამოძიებაში FBI - გამოძიების ფედერალური ბიუროც ეხმარება.

ბოლო 20 წლის განმავლობაში ამერიკის სასწავლო დაწესებულებებში ასობით თავდასხმა მოხდა. სასწავლო წელი ამერიკაში სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო.

სრულად წაკითხვა