სასამართლო ირაკლი ღარიბაშვილის ახალი საქმის განხილვას იწყებს. ორშაბათს, 19 ოქტომბერს წინასასამართლო სხდომა გაიმართება.
წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობა განიხილება და წყდება, საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავა თუ არა. თუმცა, როგორც ღარიბაშვილის ადვოკატი ამბობს, 48-ტომიან საქმეში ღარიბაშვილის ბრალეულობას ვერაფერი ადასტურებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძისა და მისი ცოლისძმის, თავდაცვის ასევე ყოფილ მაღალჩინოსან ვასილ მხეიძის ჩვენებების გარდა, „ისიც არასრულყოფილად“.
ღარიბაშვილის ადვოკატი, ლილიკო გელაშვილი ახალ საქმეს შეთითხნილად მოიხსენიებს და ავრცელებს განცხადებას, სადაც წერს, რომ ეს საქმე, სამართლიანი, მიუკერძოებელი და პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალი სასამართლოს პირობებში აუცილებლად გამამართლებელი განაჩენით დასრულდებოდა.
„საზოგადოებას აქამდე უწევდა მხოლოდ ბრალდების ვერსიის მოსმენა , რეალურად კი სულ სხვა მოცემულობაა. ბრალდების მხარემ გაგვიცვალა სრულად ს/სამართლის საქმის მასალები და 48 ტომ საქმეში, კი, ნამდვილად 48 ტომ საქმეში, ირაკლი ღარიბაშვილის ბრალის მადასტურებელი მხოლოდ მხეიძის ირიბი და ბურჭულაძის მიცემული ჩვენებაა და ისიც არასრულყოფილი!!! არ ვაჭარბებ!“ — წერს ადვოკატი გელაშვილი.
ადვოკატი პირდაპირ წერს, რომ აწ მსჯავრდებულმა ყოფილმა მაღალჩინოსნებმა ირაკლი ღარიბაშვილზე ხელის დადებით იყიდეს თავისუფლება და პირობების შემსუბუქება.
„დასახელებულმა მსჯავრდებულებმა, ი.ღარიბაშვილზე ხელის დადებით, ფაქტობრივად თავისუფლება იყიდეს: 10 წლით თავისუფლების აღკვეთა გაუმესამედეს და ზოგიერთმა საპატიმროც დატოვა!
მსგავსი „გარიგებული მართლმსაჯულება“ ხომ პირდაპირი დასტურია იმისა, რომ საქმე გვაქვს არა კანონის უზენაესობასთან, არამედ პოლიტიკურ შეკვეთასთან. სწორედ ამ გარემოებაზე და არა მხოლოდ ამ გარემოებაზე დაყრდნობით ჩნდება მთავარი კითხვა:
რეალურად რა დგას ამ საქმის უკან, სამართლებრივი საფუძვლები თუ პოლიტიკური ანგარიშსწორება?“ — ამბობს ადვოკატი.
ადვოკატი იხსენებს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის, სხვადასხვა პირის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთების [ოქროს ზოდები, სხვადასხვა ძვირფასეულობა] ამსახველი ვიდეოს ჩვენებას გენერალური პროკურატურის მხრიდან. ღარიბაშვილი იყო ერთ-ერთი, ვისთანაც ჩხრეკა ჩატარდა, თუმცა კადრებში არ უჩვენებიათ, რომელი ადამიანისგან რა ნივთები ამოიღეს. ადვოკატი ფიქრობს, რომ ეს მიზანმიმართული აქტი იყო, რომ საზოგადოებას ღარიბაშვილთან დაეკავშირებინა ყველა ეს ნივთი და გაღიზიანებულიყო.
ირაკლი ღარიბაშვილისთვის ბრალის წარდგენა, დაკავება და თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, ადვოკატი თქმით, აჩვენებს, რომ იგი გუნდმა გაწირა.
„ამ პოლიტიკური დევნისა და მორალური ზეწოლის ყველაზე გარყვნილ გამოვლინებას წარმოადგენდა ის ფაქტი, როდესაც ციხეში მყოფ ღარიბაშვილს წერილი შეუგზავნეს. ირაკლიმ გამოაქვეყნა ეს წერილი, რომელშიც ახალი, ყურადღებას ვამახვილებ, ახალი, ჯერ არარსებული ბრალის აღიარებას თხოვდნენ, რათა გადაეზღვიათ 1% ალბათობაც კი მისი პოლიტიკაში მობრუნებისა!“ — ამბობს ადვოკატი და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ წერილი ღარიბაშვილთან ივლისში შევიდა, როცა უკვე დაკითხულები იყვნენ და განაჩენიც გამოტანილი ჰქონდათ მხეიძეს, ჯუანშერ ბურჭულაძესა და მათი საქმის ფიგურანტ ტუკვაძეს. მაგ დროისთვის მათ ირაკლი ღარიბაშვილი ნახსენები არ ჰყავდათ.
ირაკლი ღარიბაშვილის ახალი საქმის მასალებიდან კი ირკვევა, რომ ღარიბაშვილთან მიმართებით დაიკითხნენ აგვისტოში.
„საინტერესოა, ივლისის თვეში საიდან უნდა სცოდნოდა მამუკა მდინარაძეს, (ირაკლიმ დაწერა საჯაროდ, რომ წერილი მდინარაძემ შეუგზავნა), რომ ბურჭულაძე აგვისტოს თვეში ღარიბაშვილზე ჩვენებას მისცემდა? მე რომ არ ვუპასუხო, თქვენც ხომ ხვდებით, პატივცემულო მკითხველო?“ — წერს ადვოკატი.
იგულისხმება ირაკლი ღარიბაშვილის ის წერილი, სადაც ის აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით და მდინარაძისგან ციხეში მიიღო წერილი, სადაც კორუფციის ახალი საქმის თავის თავზე აღებას სთავაზობენ.
„წერილის შინაარსი დანაშაულებრივ ნიშნებს შეიცავდა, რატომ არ დაიწყო გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება? იქნებ ცილს წამებდა ღარიბაშვილი? გამოძიების დაწყება სასურველი კი არა, აუცილებელიც იყო, მით უფრო, რომ შემდგომში სიტყვა-სიტყვით ასრულდა წერილში მოყვანილი ყველა „ფაქტი“!
იმავე წერილში განა ერთმნიშვნელოვნად არ იკითხება, რომ რაიმე კორუფციული ქმედების გამოვლენა-აღკვეთა კი არ წარმოადგენდა მათ ინტერესს, არამედ ახალი მძიმე ბრალი, მხოლოდ საშუალება იქნებოდა ღარიბაშვილის პოლიტიკურად გასანეიტრალებლად, და რომ რეალურად ციხეში, პატიმრობაში მყოფი ყოფილი თანაგუნდელი მათზე რეიტინგული და მეტი ღირსების მატარებელი იყო. ხალხს ის უყვარდა, მათგან განსხვავებით და მისი სახელი მექრთამეობასთან და კორუფციასთან უნდა გაეგივებინათ. განა ეს არაა კლასიკური მაგალითი პოლიტიკური ნიშნით დევნისა???“ — კითხულობს ღარიბაშვილის ადვოკატი.
ადვოკატ ლილიკო გელაშვილის თქმით, „ოცნების“ სწორედ ის ხალხი, ვინც ღარიბაშვილი გაწირა და მას „თითს უქნევს“ ან მიშა სააკაშვილს ადარებს, თავად ანგრევს და შიგნიდან შლის „ნამდვილ, ღირსეულ, უმრავლესობაში მყოფი ხალხის არჩეულ“ ოცნებას.
„ქართული ოცნების“ ყოფილ ლიდერსა და ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს 24 აგვისტოს წარუდგინეს ახალი ბრალდება – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღება. ის ბრალს არ აღიარებს.
პროკურატურის თანახმად, ღარიბაშვილმა ქრთამის სახით აიღო 750 ათასი ლარი. მას ეს ფული უშუალოდ ჯუანშერ ბურჭულაძემ გადასცა. მუხლი, რომლითაც მას ბრალი წარუდგინეს, 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
პატიმრობაში მყოფი „ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერი და ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი 17 აგვისტოს შემდეგ სოციალურ ქსელში წერილებს ავრცელებს. მისი მტკიცებით, „იძულებულს ხდიან“, რომ ბრძოლა დაიწყოს.
რაც შეეხება თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, ციხეში რჩება. ის ორ საქმეზეა დამნაშავედ ცნობილი. ერთ საქმეში ბურჭულაძე ირაკლი ღარიბაშვილთან ერთადაა ფიგურანტი და ბრალდებული ქრთამის აღებაში. აღნიშნულ საქმეზე ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება აქვს გაფორმებული.
მეორე საქმე, რომელზე ჯუანშერ ბურჭულაძე დამნაშავედ ცნეს, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაა.
პირველი სასამართლოთი მას 10 წლით ჰქონდა მისჯილი ციხე. საპროცესო გარიგებით კი სასჯელი გაუნახევრდა. ჯამში, ბურჭულაძეს მიესაჯა 5 წელი, საიდანაც რეალურად ციხეში 3 წელს გაატარებს (ვინაიდან ნაწილი უკვე მოხდილი აქვს, ციხეს ზუსტად 2 წელიწადში დატოვებს), ხოლო დარჩენილი 2 წელი პირობითი ექნება. ასევე, ის დაჯარიმდა 1 მილიონი ლარით და ჩამოერთვა ქონება (მათ შორის უძრავი ქონება ესპანეთსა და წყნეთში).
ვასილ მხეიძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმაა და მას თანხის გაფლანგვაში დახმარებას ედავებოდნენ. თავდაპირველად 8 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. თუმცა, სექტემბერში გაფორმებული საპროცესო გარიგების შემდეგ, რეალური საპატიმრო დრო 1 წლამდე და 2 თვემდე შემცირდა და რადგან ეს დრო უკვე გასული იყო, ციხე სექტემბერშივე დატოვა.
netgazeti