ჰამასმა უარყო ისრაელის გეგმა, რომელიც ქალაქ ღაზიდან ხალხის სამხრეთში გადასახლებას ითვალისწინებს

6 days ago 1

პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული, „გენოციდის ახალი ტალღა“ უწოდა ისრაელის გეგმას, რომელიც ითვალისწინებს ქალაქ ღაზიდან მოსახლეობის გადასახლებას სექტორის სამხრეთ ნაწილში. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ჰამასმა“ ასევე განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ღაზის სექტორის სამხრეთში კარვებისა და თავშესაფრებისთვის განკუთვნილი აღჭურვილობის განლაგება „აშკარა მოტყუებაა“, რაც მიზნად ისახავს „სასტიკი დანაშაულის დამალვას, რომლის ჩასადენადაც ემზადებიან საოკუპაციო ძალები“.

ადრე ისრაელმა გამოაცხადა, რომ შეტევის დაწყებას აპირებს ქალაქ ღაზის ჩრდილოეთის ნაწილის დაკავების მიზნით.

16 აგვისტოს ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა ავიხაი ედრიმ განაცხადა, რომ კვირიდან ღაზის სექტორში კვლავ დაშვებული იქნება კარვები და დროებითი საცხოვრებლის განთავსების სხვა საშუალებები „გაეროსა და საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების მხარდაჭერით“.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა „ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობის საომარი მოქმედებების ზონებიდან ანკლავის სამხრეთით მდებარე ჰუმანიტარულ ზონებში გადაყვანისთვის მზადების ფარგლებში“. არ არის დაზუსტებული, ზუსტად როდის დაიწყება გადასახლება.

ჰამასის მიერ კონტროლირებადმა ღაზის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ისრაელის ბოლო დარტყმების შედეგად მინიმუმ 40 ადამიანი დაიღუპა. კერძოდ, შაბათს ალ-მუვასის რაიონში კარავი დაბომბეს. როგორც The Guardian-ი აღნიშნავს, ისრაელმა ეს ტერიტორია ჰუმანიტარულ ზონად გამოაცხადა. თავდასხმის შედეგად ჩვილი გოგონა და მისი მშობლები დაიღუპნენ.

გასული წლის 7 ოქტომბერს ჰამასის მიერ ისრაელზე თავდასხმის შედეგად 1200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მძევლად აიყვანეს 253 ადამიანი, როგორც ისრაელის მოქალაქეები, ასევე უცხოელები. ამის შემდეგ ისრაელმა ჰამასის გასანადგურებლად მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყო ღაზის სექტორში. ითვლება, რომ ღაზაში დარჩენილი 50 მძევლიდან ჯერ კიდევ ცოცხალია დაახლოებით 20.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის ქმედებების შედეგად ღაზის სექტორში 61 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.

სრულად წაკითხვა