ჰელსინკის კომისია: თუ „ქართული ოცნება“ ძალაუფლებას შეინარჩუნეს, საქართველო ავტოკრატებისთვის ძალის პროექციის ადგილად გადაიქცევა

2 days ago 2

აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ 18 დეკემბერს ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ქართველებს მათ მიერ არჩეული ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან აშშორებს და იმ აგრესორების ღერძისკენ მიყავს, რომელთა მიზანიც დემოკრატიული მსოფლიო წესრიგისთვის ძირის გამოთხრაა“. კომისიამ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყანას ავტოკრატიულ სახელმწიფოებთან აახლოებს და რომ თუ მმართველი პარტია ძალაუფლებას შეინარჩუნებს, საქართველო ავტოკრატიული სახელმწიფოებისთვის „ძალის პროექციის ადგილად“ გადაიქცევა.

„მიუხედავად ქართველი ხალხის მასშტაბური წინააღმდეგობისა, „ქართული ოცნება“ აგრძელებს მსოფლიო ავტოკრატებთან ინტეგრაციას“, – აღნიშნა კომისიამ და ამის მაგალითად  ირანის პრეზიდენტის მასუდ პეზეშკიანის ინაუგურაციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ვიზიტი დაასახელა, რომლის მიზანიც, კომისიის თქმით, იყო როგორც „ქართული ოცნების“ ძალისხმევა ირანთან ეკონომიკური კავშირების განსამტკიცებლად, ასევე ირანელი მარიონეტების მხრიდან გაძლიერებული მხარდაჭერა ანტიდასავლური ნარატივების გავრცელებაში „ქართული ოცნების“ კამპანიის დასახმარებლად.

კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხელი მოაწერა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას და გადაწყვიტა ანაკლიის ღრმაწყლოვანი  პორტის პროექტი ჩინურ კონსორციუმს მიანდოს.

„თუ ქართული ოცნება გაიმარჯვებს ძალაუფლების მიტაცებაში, პარტია საქართველოს გადააქცევს ძალის პროექციისა და ეკონომიკური შესაძლებლობის ადგილად არა მხოლოდ მისი რუსი მფარველებისთვის, არამედ ჩინეთისა და ირანისთვისაც, რომელთაც ქართული ოცნება სულ უფრო უახლოვდება“, – აცხადებს კომისია.

აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ მოუწოდა ამერიკის ხელისუფლებას, უზრუნველყოს „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა მის ქმედებებზე ბოლო ორი წლის განმავლობაში. იგი ხმამაღლა საუბრობდა „ქართული ოცნების“ მიერ გამოწვეული ადამიანის უფლებების დარღვევებზე და არაერთხელ გააჟღერა პასუხისმგებელი თანამდებობის პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების აუცილებლობის საკითხი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე მიიღო გარკვეული ზომები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ. 12 დეკემბერს მან დამატებითი სავიზო შეზღუდვები დაუწესა მთავრობის რეპრესიულ ქმედებებთან დაკავშირებულ პირებს. მანამდე შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობაც შეაჩერა.

18 დეკემბერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა დაადასტურა ადრინდელი განცხადებები, რომ აშშ სანქციების ახალ რაუნდს ამზადებს „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომელიც უახლოეს კვირებში გამოცხადდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა