WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. საინვესტიციო პლატფორმა TSQ Investment Group-ის („ჰენრის პირამიდა“) საქმეზე გამოძიება დაიწყო.

როგორც ნეტგაზეთს საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

მათივე განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც უკანონო სამეწარმეო საქმიანობას გულისხმობს.

TSQ Investment Group, რომელიც ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში გააქტიურდა, მომხმარებლებს კრიპტო აქტივებით ვაჭრობაში ინვესტირებასა და ამ გზით თანხების გამომუშავებას სთავაზობს. თუმცა, აგვისტოს ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ TSQ Investment Group-ის მომხმარებლები თანხის გატანას ვერ ახერხებენ.

ბოლო პერიოდში გააქტიურებული „ფინანსური პირამიდის“ შესახებ მოქლაქეები ეროვნულმა აგვისტოს ბოლოს გააფრთხილა. „ფინანსური პირამიდის“ მთავარი მიზანი არა თანხის მომგებიან აქტივებში დაბანდება, არამედ სქემაში ბევრი ახალი წევრის ჩართვა და მათი სახსრების მოზიდვაა, რადგან სწორედ ამ თანხით ხდება სქემის მონაწილეებისთვის თითქოსდა ბიზნეს-საქმიანობიდან, ამ შემთხვევაში კრიპტო აქტივებით ვაჭრობიდან, მიღებული მოგების გადახდა.

სქემის ფუნქციონირების საწყის ეტაპზე, სანამ ადამიანები აქტიურად წევრიანდებიან, შეიძლება მონაწილეებმა გარკვეული თანხაც მიიღონ. თუმცა, დროის გარკვეულ მომენტში, როდესაც ახალი წევრებისა და დამატებითი სახსრების მოზიდვა შეუძლებელი ხდება, კომპანია ვეღარ ასრულებს მონაწილეების მიმართ არსებულ ვალდებულებებს და სქემა აუცილებლად იშლება. ასეთ დროს მონაწილეებს საკუთარი სახსრების გატანაზე ხშირად ტექნიკური მიზეზით ეუბნებიან უარს, ზოგჯერ კი ინვესტიციის დაბრუნების სანაცვლოდ დამატებით თანხასაც სთხოვენ.