ჰოჯესი: დემოკრატიულმა სამყარომ ნათლად უნდა თქვას, რომ მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს ვაღიარებთ პრეზიდენტად

1 day ago 4

ექსპერტების აზრით, საქართველოში მიმდინარე მოვლენები გავლენას ახდენს როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის პოლიტიკაზეც. რა გავლენა აქვს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას სამხრეთ კავკასიაზე, როგორ იყენებს რუსეთი შექმნილ სიტუაციას და რა უსაფრთხოების გამოწვევები აქვს ახლა საქართველოს. ამ თემებზე ამერიკის არმიის თადარიგის გენერალ ბენ ჰოჯესს ვესაუბრეთ.

გენერალო, დიდი მადლობა ჩვენთან სასაუბროდ დროის გამონახვისთვის. როგორც იცით, საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპის რამდენიმე ქვეყანამ ქართველ მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. ივლისში ამერიკამ „ღირსეული პარტნიორის“ სამხედრო წვრთნები შეაჩერა, დაახლოებით ერთი თვეა შეწყდა სტრატეგიული პარტნიორობაც. იმ დროს, როდესაც საქართველოს დასავლელი პარტნიორები ნელ-ნელა ქვეყნის იზოლაციის გზით მიდიან, უსაფრთხოების რა გამოწვევებს უქმნის ეს საქართველოს?

პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ ამერიკამ ვერ შეძლო ჰქონოდა ნათელი სრატეგია ფართო შავი ზღვის რეგიონისადმი. საქართველო შავი ზღვის რეგიონის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. სტრატეგიულად რომ მივდგომოდით, საქართველოსთან, ასევე უკრაინასთან, თურქეთთან, მოლდოვასთან, რუმინეთთან, ბულგარეთთან- მთელ რეგიონთან, გაცილებით მეტს ვიფიქრებდით ჩვენს ურთიერთობებზე.

ახლა მაქვს განცდა, რომ საკმარისი არ გავაკეთეთ. უნდა ჩაგვედო გაცილებით მეტი ინვესტიცია საქართველოს ინფრასტრუქტურაში, ახალგაზრდა ქართველების ნიჭის განვითარებაში, დემოკრატიული მცდელობების განვითარებაში. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ყოველთვის ძალიან კარგი ელჩები გვყავდა წარგზავნილი, ჩვენმა [ამერიკის] მთავრობამ სტრატეგიულად არ იფიქრა საქართველოზე, რამაც რუსეთს და "ქართული ოცნებაში" კრემლისადმი სიმპათიით, თუ შიშით განწყობილებს, ძალაუფლების ხელში ჩაგდების შანსი მისცა.

ვფიქრობ, რომ, რა თქმა უნდა, ქართველის ხალხისთვის უდიდესი საფრთხე ახლა თავისივე მთავრობისგან მოდის, რომელსაც არ სურს ლეგიტიმური დემოკრატიული რეფორმები. ამით კი კრემლი იმას იღებს, რაც სურს- გააკონტროლოს რას მოიმოქმედებს, ან არ მოიმოქმედებს საქართველო და შეაჩეროს და საქართველოს განგრძობითი სვლა დასავლეთისკენ. ესაა საფრთხე, რაც ქართველი ხალხის წინაშეა.

პრეზიდენტი ზურაბიშვილი ხშირად, განსაკუთრებით კი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საუბრობს რუსეთის ჩართულობაზე საქართველოს პოლიტიკაში. ის იყენებს ტერმინს “რუსული სცენარი”. როგორც თქვენი პასუხიდან მესმის, მას ეთანხმებით, ფიქრობთ რომ საქართველოს პოლიტიკაში ახლა რუსეთის გავლენა იგრძნობა?

უნდა ვთქვა, როგორი აღფრთოვანებული ვარ საქართველოს პრეზიდენტით [სალომე ზურაბიშვილით]. ის არის მაგალითი სიმამაცის, ძალისა და ნებელობისა დაუპირისპირდეს საქართველოს არალეგიტიმურ მთავრობას. რა თქმა უნდა, ვნერვიულობ იმაზეც, გარკვეულ დროს, ვინმემ რამე არ დაუშაოს მას.

ვფიქრობ, რომ მთელი დემოკრატიული სამყარო მზად უნდა იყოს და ძალიან ნათლად უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ მხოლოდ მას [სალომე ზურაბიშვილის] ვაღიარებთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად. იმ შემთხვევაში, თუ მას რამე მოუვა, ამაზე პასუხი უნდა აგონ. სამწუხაროდ, ახლა ყველა ჩვენგანის ქვეყანაშიც ბევრი რამ ხდება. ამერიკა ძალაუფლების გადაცემის პროცესს გადის, ტრამპის ადმინისტრტაციისგან გვესმის განცხადებები გრინლადიაზე, კანადაზე, პანამასა და მგავს თემებზე, როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ისინი შავი ზღვის რეგიონზე არ არიან ფოკუსირებული.

თქვენ ისაუბრეთ იმაზე, რა უნდა გაეკეთებინა ამერიკას შავი ზღვის ფართო რეგიონისთვისა და საქართველოსთვის. მაგრამ რას იტყვით იმაზე რა უნდა გააკეთოს დასავლეთმა მომავალში? ცოტა ხნის წინ “ჰელსინკის კომისიამ” განცხადება გააკეთა, სადაც ნათქვამია, რომ ახლა დროა ამერიკამ და დემოკრატიულმა სამყარომ უზრუნველყოს საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა. როგორ შეიძლება რომ ამერიკამ და მისმა მოკავშირეებმა ეს უზრუნველყონ?

მიმაჩნია, რომ რეგიონისთვის თანმიმდევრული სტრატეგია არის ყველაზე მნიშვნელოვანი. საქართველოსადმი ღირებული პოლიტიკის წარმოება შეუძლებელია, თუ მას ისე განიხილავ, თითქოს განცალკევებული კუნძულია. საქართველო არის რეგიონი, რომელიც უმნიშვნელოვანესია ყველა ჩვენგანისთვის, ამიტომაც მუდმივად ვუსვამ ხაზს იმას, რომ თუ არ იარსებებს ერთიანი სტრატეგია რეგიონისადმი, შეუძლებელი იქნება მის შემადგენელ ქვეყნებთან საუკეთესოდ პოლიტიკის წარმოება.

ერთდროულად უნდა მიმდინარეობდეს ეკონომიკური, დიპლომატიური, უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობა. უნდა არსებობდეს ერთგვარი ნამცხვრისა და ჯოხის მიდგომა- უნდა არსებობდეს სტიმული საქართველოს მუდმივი ვესტერნიზაციის მოძრაობის მხარდასაჭერად ევროკავშირისკენ. მაგალითად, რეგიონულ სტრატეგიულ, უსაფრთხოების, ძალისხმევაში, უკრაინის მხარდაჭერაში მონაწილეობა. მაგრამ ასევე, საჭირო საფასურიც უნდა გადავახდევინოთ [პასუხისმგებელ პირებს].

დეკემბრის დასაწყისში, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, ქვეყნის მეგობრებმა, წერილი გამოაქვეყნეს, რომლის ხელმომწერი თქვენც ხართ. წერილში წერია, რომ “ეს აშკარად კრიტიკული მომენტია საქართველოს ისტორიაში, რომელსაც გავლენა აქვს სამხრეთ კავკასიაზე და მის ფარგლებს გარეთ”. რა გავლენასა და შედეგებზე საუბრობთ ამ კონკრეტულ შემთხვევაში?

პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ საქართველოში ასობით, შეიძლება ათიათასობითაც კი, რუსია, რომლებიც ქვეყანაში იმალებიან, რადგან არ სურთ, რომ ჯარში გაიწვიონ და უკრაინაში იბრძოლონ. თუმცა ისინი უკრაინის მხარდამჭერები არ არიან. უბრალოდ, არ სურთ, რომ თავად გადაიხადონ იმის საფასური, რასაც ახლა კრემლი ჩადის.

საქართველო ვერ იცავს საკუთარ სუვერენიტეტს და არის მრავალი უკანონო ვაჭრობის, შავი ბაზრის ადგილი, რაც რუსეთიდან მოდის. ეს ისეთი ქმედებებია, რისი შეჩერებაც ძლიერ, დემოკრატიულ, სუვერენული სახელმწიფოს თავისი მეგობრების დახმარებით უნდა შეეძლოს. ეს ძირს უთხრის უკრაინის დახმარების მცდელობებსაც, ასევე ძირს უთხრის სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემის იდეებს.

გარდა ამისა, ჩვენ მოგვიწევს ჩინეთთან კონკურენციაც. ჩინეთი საქართველოში აწარმოებს პროექტებს, რაშიც თავისთავად არაკანონიერი არაფერია, მაგრამ იქაც უნდა გვქონდეს კონკურენცია. დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა დასავლურ ქვეყნებს შეუძლიათ იმაზე უკეთესი პირობების შეთავაზება, ვიდრე ის დავალიანების მახეა, რაც ჩინეთის ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოჰყვება ხოლმე.

რა თქმა უნდა, უნდა ვახსენოთ ის, რაზეც ბევრჯერ გვისაუბრია, ესაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის არსებობის აუცილებლობა. ეს იქნებოდა მომგებიანი საქართველოსთვის, შავ ზღვაში ვაჭრობისთვის და რეგიონში არსებული ქვეყნებისთვის. ეს კი უკანასკნელი რამაა, რაც რუსეთს სურს.

რადგან რეგიონზე ვსაუბრობთ- თქვენ ყოველთვის ამბობთ, რომ საქართველო რთულ სამეზობლოშია. იმის გათვალისწინებთ, რაც ახლა ქვეყანაში ხდება, იმ დაძაბულობისა, თუ პოლარიზაციის ფონზე, რასაც ვხედავთ, ეძლევა თუ არა რუსეთს ხელსაყრელი ნიადაგი იმისთვის, რომ საქართველოსთან დაკავშირებული გეგმები უკეთ განახორციელოს?

რუსებს ნამდვილად არ ადარდებთ საერთაშორისო კანონი, ან სუვერენუტეტი, მათ ეს ნათლად დაგვანახეს. მათ უკვე წლებია ოკუპირებული აქვთ საქართველოს 20%. სულ ახლახან აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფირნავი ჩამოაგდეს და უდანაშაულო ხალხი დახოცეს. ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი კომერციულ თვითმფრინავს აგდებს და დიდი ალბათობით, ამაზეც პასუხს დიპლომატიური, თუ ეკონომიკური მიმართულებით, არ აგებენ და მათ ეს იციან.

ასე რომ დიახ, ვფიქრობ, რომ ამის საფრთხე არსებობს, განსაკუთრებით ახლა. ჩანს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება თანამონაწილეა რუსული გავლენის ნების დართვაში.

მილიონობით ადამიანმა ნახა საშინელი ვიდეოები, სადაც მომიტინგეები საშინლად სცემეს. დარწმუნებული ვარ, რომ უსაფრთხოების ძალების ყველა წარმომადგენელი, რომლებიც ამ საქმეში მონაწილეობდნენ, არ იყო ქართველი. [გამოყენებული] ტაქტიკა ნამდვილად რუსულია. ეჭვი მაქვს, რომ [საქართველოში] რუსეთის უსაფრთხოებისა და დაზვერვის ძალები არიან, რომლებიც ჩართული არიან ამაში.

ისინი ნამდვილი ლაჩრები არიან- უსაფრთხოების ძალები მთლიანად შავებში ჩაცმულები, სახეები კი შავი ნიღბებით დაფარული. ამას აკეთებენ, რადგან იციან, რომ რასაც ჩადიან სისასტიკეა. ეს მიუღებელია! მათ აუცილებლად უნდა აგონ პასუხი. მთავრობის პასუხისმგებლობისთვის დაკისრების მნიშვნელოვანი ნაწილი გამჭვირვალობაა- აუცილებლად უნდა გამოვლინდეს ვინ არის თითოეული მათგანი, ვინც ახალგაზრდებს, ქალებს, მოხუცებს, დემონსტრანტებს სცემდა. ყველას ვინაობა უნდა გაჟღერდეს.

სრულად წაკითხვა