WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

მეამბოხე ჰუთებმა, რომლებიც იემენის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებენ, შეტევა მიიტანეს იემენის ქალაქ ადენის აეროპორტზე და კიდევ ორ აეროპორტზე საუდის არაბეთში. ოქტომბრის დასაწყისიდან იემენის მთავრობა საუდის არაბეთის მხარდაჭერით ატარებს სამხედრო ოპერაციას ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთების წინააღმდეგ.

საუდის არაბეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახურის ინფორმაციით, 6 ოქტომბერს შეტევა იყო ჯიზანის და ნაჯრანის აეროპორტებზე. დაიჭრა სამი ადამიანი. ჰუთების წინააღმდეგ საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის ინფორმაციით, 7 ოქტომბერს ჰუთებმა სცადეს შეტევა საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადზეც. ბალისტიკური რაკეტა ერ-რიადის ჩრდილოეთით მოიგერიეს.

7 ოქტომბერს ჰუთებმა იერიში მიიტანეს იემენის ქალაქ ადენის აეროპორტზეც. ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა ადენიდან მუშაობს, რადგან დედაქალაქი სანა ჰუთების კონტროლქვეშაა.

იემენის სახელმწიფო მედიის ცნობით, ჰუთებმა ადენის აეროპორტს ორი ბალისტიკური რაკეტით და დრონებით შეუტიეს. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.

ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთების შიიტური გასამხედროებული დაჯგუფება, რომელიც თავს „ანსარ ალაჰს“ უწოდებს, წლებია აკონტროლებს იემენის მნიშვნელოვან ნაწილს, მათ შორის დედაქალაქ სანას მიუხედავად იმისა, რომ იემენის კანონიერი მთავრობის მხარდასაჭერად კონფლიქტში საერთაშორისო კოალიციაც ჩაერთო.

ჰუთები ხშირად ესხმიან თავს უცხოურ გემებს წითელ ზღვაში და ადენის სრუტეში. 2026 წლის სექტემბერში მეამბოხეებმა ახალი რაიონები დაიპყრეს, მათ შორის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაბ-ელ-მანდების სრუტის რაიონში. ამას მოჰყვა იემენის სამთავრობო ძალების კონტრშეტევა საუდის არაბეთის მხარდაჭერით.