არასამთავრობოები: პოლიციას აქციის მონაწილეები გამოსაკითხად იძულებით გადაჰყავს

1 week ago 7

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში მიმდინარე დემონსტრაციებზე დაკავებული ადამიანების უფლებებს იცავენ, აცხადებენ, რომ პოლიციას მოქელაქეთა ნაწილი გამოსაკითხად იძულებით გადაჰყავს. მათი თქმით, ეს არის საპოლიციო ტერორის ახალი სახე.

„პოლიციელები აქციაში მონაწილე მოქალაქეების მისამართზე მიდიან, მათ ან მათი ოჯახის წევრებს ეუბნებიან, თითქოს უწყების ჩაბარება სურთ და ითხოვენ ბინაში შეშვებას, შემდგომ კი იძულებით, მოქალაქეთა ნების საწინააღმდეგოდ და საფუძვლის განმარტების გარეშე, გადაჰყავთ ისინი შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში.

მათი გამოკითხვაც იძულებით მიმდინარეობს. ადვოკატებს არ ეძლევათ მოქალაქეებთან შეხვედრისა და წარმომადგენლობის გაწევის შესაძლებლობა. ადვოკატებმა გასული დღეების განმავლობაში რამდენჯერმე სცადეს იძულებით გადაყვანილ პირებთან შესვლა, თუმცა, უშედეგოდ“, -წერია განცხადებაში.

ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, უფლებები საქართველო, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, უფლებადამცველთა გაერთიანება - ადამიანის უფლებათა ცენტრი.

რადაიო თავისუფლება დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

მეთოთხმეტე დღეა, რაც თბილისსა და სხვა ქალაქებში აქციები იმართება. მოქალაქეები აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება 2028 წლამდე აღარ იქნება ევროკავშირდან მოლაპარაკების გახსნაზე საუბრის ინიციატორი.

ამ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან, 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრამდე შსს-ის თანამშრომლებმა თბილისსა და სხვა ქალაქებში პროევროპული საპროტესტო აქციების 400-ზე მეტი მონაწილე დააკავეს, მათ შორის 30-ზე მეტი სისხლის სამართლის ბრალდებით. მათ რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. დემონსტრანტები მათ პოლიტპატიმრებს უწოდებენ.

დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.

დემონსტრაციები არაერთხელ დაარბიეს საპოლიციო ძალებმა, დაშავებულია არაერთი ადამიანი. მათი ნაწილზე პოლიციამ დაკავების დროს და განყოფილებაში გადაყვანის დროს იძალადა. შსს იუწყება, რომ აქციის მონაწილეთა ნასროლმა ნივთებმა ათეულობით პოლიციელი დააშავა.

10 დეკემბერს ომბუდსმენმა დაწერა, რომ მისმა თანამშრომლებმა იზოლატორებსა და კლინიკებში მოინახულეს 337 ადამიანი; მათგან 225 მიუთითებდა არასათანადო მოპყრობაზე, 157-ს კი ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა.

სრულად წაკითხვა