აქციაზე პოლიციის მიერ ნაცემი ბიზნესმენი 18 დღეა წოლით რეჟიმზეა, მისი სხდომა იანვრამდე გადაიდო

4 days ago 2

ბიზნესმენ ავთანდილ კუჭავას სასამართლო სხდომა 15 იანვრამდე გადაიდო.

ესტონეთის მიერ სანქცირიებულ მოსამართლე ნინო ენუქიძის ინიციატივით, დღევანდელ სხდომაზე მხოლოდ შუამდგომლობები განიხილეს, თავად კუჭავას მოსმენა კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.

30 ნოემბერს სასტიკად ნაცემ კუჭავას უკვე 18 დღეა წოლითი რეჟიმი აქვს. მან სასამართლოში მისვლა ვერ შეძლო და სხდომას დისტანციურად ჩაერთო. სწორედ ამ მოტივით შესთავაზა მოსამართლემ მათ საქმის განხილვის გაგრძელება იანვარში.

თავდაპირველად კუჭავა ამის წინააღმდეგი იყო – სურდა, განხილვა დღესვე დასრულებულიყო და მზად იყო, სხდომაში მონაწილეობა დისტანციურად მიღეო. თუმცა ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ დათანხმდა მოსამართლის ინიციატივას.

მოსამართლე ნინო ენუქიძე: “თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მე მიმაჩნია, რომ უნდა მოგეცეთ საშუალება, ვინაიდან ახლა ხართ ამ რეჟიმში, გამოსწორდეთ და ისეთ რეჟიმში მიიღოთ სხდომაზე მონაწილეობა, როგორიც არის წესი და რიგი”

ავთანდილ კუჭავა: “პირველ რიგში, ხაზს გავუსვამ, რომ ჩემი არჩევანი არ არის, რომ მე წოლითი რეჟიმით ჩავერთო. არც ის ყოფილა ჩემი არჩევანი, რომ ვინმეს ვეცემე. ამას უნდა გაესვას ხაზი. […] გასამართლება, როცა მე ვწევარ და რომ ნაცემი ვარ, კიდე აქეთ არის პრეტენზიები სახელმწიფოს მხრიდან და კიდევ აქეთ იმაზე საუბარი, რომ მე უნდა მომეცეს შესაძლებლობა … მე უნდა მომეცეს შესაძლებლობა, რომ სამართალი ვიპოვო”.

კუჭავამ მოსამართლეს ჰკითხა, მიეცემოდა თუ არა მას შესაძლებლობა, დღევანდელ სხდომაზე ესაუბრა შსს-ს იმ თანამშრომლებზე, სავარაუდოდ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებზე, რომლებიც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოსამართლემ  მიუთითა, რომ მხოლოდ მის მიერ ჩადენილი სავარაუდო სამართალდარღვევის საქმეს განიხილავდა – “პოლიციელებთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ გეტყვით”.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ სხდომას ესწრებოდნენ ესტონეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, ნიდერლანდებისა და დანიის საელჩოების წარმომადგენლები. ავთანდილ კუჭავას მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ დიპლომატებს პირველწყაროდან მოესმინათ, როგორც უსწორდებიან სამართალდამცველები მშვიდობიან მოქალაქეებს. თუმცა მას შემდეგ, რაც მოსამართლემ მას განუმარტა, რომ ამ საკითხს არ განიხილავდა, ის დათანხმდა სხდომის გადადებას.

ის, რაც ვერ მოჰყვა სასამართლოს წინაშე, მოგვიანებით მოუყვა მედიას.

“ჩემი მეგობარი თვალთახედვიდან რომ დავკარგე, უკან მოვიხედე და ძირს ეგდო უკვე ქუჩაში, უკვე ნაცემი იყო […] ხელითაც კი არ ვეჭირე [პოლიციელებს], მე თვითონ მივყვებოდი პარლამენტამდე. პარლამენტის წინ რომ მივედით, მაგ დროს მოვარდნენ ეს შავებში ჩაცმული შსს-ს თანამშრომლები […] დამიწყეს ცემა. ერთხელ გავითიშე. თვალი რომ გავახილე, ძირს ვეგდე და ვიღაც ზემოდან მეფარებოდა. მაგ დროს, თვალი რომ გავახილე, ბატინკი მოფრინავდა ჩემი სახისკენ. მეორეჯერ გავითიშე. მესამეჯერ რომ გავახილე თვალები, ჯებირთან ვეგდე და თავბრუ მეხვეოდა, ხელ-ფეხს ვერ ვგრძნობდი. ვიღაცამ ჩამოიარა და წიხლი დამიმატა. მეორემ, ვითომ რომ მაყენებდა, ჩამიტეხა მხარი – ზედა მხრის მოტეხილობა მაქვს. თურმე, ჰემატომები მქონია თავზე – წინ, შუბლზე და უკან. 18 დღეა უკვე ვწევარ”, – განაცხადა კუჭავამ TV პირველთან საუბრისას.

ავთანდილ კუჭავა პროევროპულ აქციაზე 30 ნოემბერს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ნინო ენუქიძე ერთ-ერთია იმ მოსამართლეებს შორის, რომელიც ესტონეთმა რამდენიმე დღის წინ დაასანქცირა. მოსამართლეებთან ერთად, ესტონეთის მიერ დასანქცირებულთა სიაში მოხვდნენ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და ა.შ.

“ესტონეთმა დაასანცირა საქართველოს ხელისუფლების 14 მაღალჩინოსანი, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. ხელისუფლების მიერ დემონსტრანტებზე, ჟურნალისტებზე და ოპოზიციის ლიდერებზე ძალადობა არის კრიმინალი და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს. მოვუწოდებ ევროკავშირის ქვეყნებს რეაგირებისა და მოქმედებისკენ”, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაგნუს ჰაცკნამ.

სრულად წაკითხვა