პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე, თბილისის მერიის მიერ საახალწლოდ მოწყობილ სცენაზე ავიდა და იქიდან მიესალმა მოქალაქეებს.
კახელები, რომლებმაც მარში ერეკლე მეფის მოედნიდან დაიწყეს და მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებოდნენ, გზად ათონელის რეზიდენციასთან მივიდნენ. სალომე ზურაბიშვილი მათთან მისასალმებლად გამოვიდა და მოინდომა სასახლის წინ, მერიის მიერ მოწყობილი სცენიდან მიემართა მათთვის.
თავდაპირველად პრეზიდენტს სცენაზე არ უშვებდნენ თბილისი მერიის მუნიციპალური სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც სცენაზე განლაგდნენ. მათ ნაწილს სახეზე ნიღბები ეკეთა. მცირე დაპირისპირების შემდეგ, პრეზიდენტის დაცვამ მოახერხა, რომ ზურაბიშვილი სცენაზე ასულიყო.
“ეს ადგილი ჩვენია, ეს სცენა ჩვენია. ვერ დააპატიმრებენ. ორბელიანების მოედანი, [პრეზიდენტის] სასახლე, ეს ადგილი – ყველაფერი ჩვენია. თქვენია. კახელებს დიდი მადლობა და სხვებსაც. მე მხოლოდ კახელი არა ვარ, მეგრელიც ვარ, გურულიც ვარ და ქართველი ვარ. დიდი მადლობა და შევხვდეთ 9 საათზე”, – ასე მიმართა მან კახელებს.
9 საათზე ის რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართავს. სცენა, სავარაუდოდ, პირველი სკოლის წინ მოეწყობა. აქტივისტები ამბობენ, რომ შსს-ს წარმომადგენლებმა არ მისცეს საშუალება სცენა და აპარატურა, რომელსაც პრეზიდენტისთვის აწყობდნენ რუსთაველამდე მიეტანათ. საბოლოოდ, პარლამენტთან შეკრებილმა მოქალაქეების ნაწილმა გადაინაცვლა იმ მანქანასთან, რომელსაც აღჭურვილობა მოჰქონდა. ამის შემდეგ მათ მოახერხეს რუსთაველისკენ გადაადგილება.
კახელებთან შეხვედრის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, “სცენის დაპატიმრებით” ჯორჯ ორუელიც გაუცდებოდა.